ბიზნესი
22/03/2021

საერთაშორისო ბაზარზე ქართულ მატყლზე მოთხოვნა განახევრებულია

პანდემიის გამო, საერთაშორისო ბაზარზე ქართულ მატყლზე მოთხოვნა 50%–ით შემცირდა, - ამის შესახებ “ქართული მატყლის კომპანიის” დამფუძნებელი ზაურ კულიევი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი თქმით, პანდემიამდე თუ 15 კონტეინერი გადიოდა უცხო ქვეყნის ბაზრებზე, 2020 წელს 8 გავიდა. შემცირების ტენდენცია ახლაც გრძელდება, 2021 წელს მხოლოდ 3 კონტეინერის ექსპორტი განხორციელდა.

„ჩვენი პროდუქცია ძირითადად ინდოეთში, ბრიტანეთში, ბელორუსსა და უკრაინაში გადიოდა, თუმცა ახლა ძირითადი მოთხოვნა ინდოეთიდანაა და არ ვაპირებთ საექსპორტო ქვეყნების დამატებას. მაისიდან სეზონი დაიწყება და როგორც გვიჩვენებს სიტუაცია ისე მოვიქცევით.

საერთაშორისო ბაზარზე ფასები შემცირდა და 1 კგ-ის ფასი, ადგილზე ჩატანით, 38 ცენტია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ფაქტობრივად, ვიზარალეთ. მატყლი ცხოველური ტიპის პროდუქტია, შესაბამისად, ევროსტანდარტებით ნედლეულის დეზინფექცია გვევალება. ასევე, უნდა მოთავსდეს სპეციალურ გაუმჭირვალე ტომარაში, ინდოეთში სტანდარტული შეფუთვით გაგვაქვს.

საქართველოში გაურეცხავი მატყლი 1 ლარი, ხოლო გარეცხილის ფასი 2–2.5 ლარამდე მერყეობს. შარშან ადგილობრივად 100 ტონამდე გაურეცხავი მატყლი გაიყიდა. წელსაც საკმაოდ მოთხოვნადია, განსაკუთრებით გარეცხილი მატყლი, რომელიც მხოლოდ ჩვენს გვაქვს,“– აღნიშნავს ზაურ კულიევი.

კულიევის თქმით, კომპანიის გეგმებშია მზა ლეიბების ექსპორტზე გატანა. პროდუქტზე მოთხოვნაა საბერძნეთიდან, სადაც ლეიბების პირველი საცდელი პარტია დაახლოებით 2 კვირაში გაიგზავნება. ასევე ქართველი მომხმარებლებისთვის ლეიბების შეძენა 1 კვირაში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის საწარმოო ფართი 1500 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მატყლს კომპანია თავადვე ასუფთავებს და ევროკავშირის დადგენილ სტანდარტებს უზრუნველყოფს, განვითარებული აქვს სადისტრიბუციო ქსელიც.