საბუე: ნახევარფაბრიკატებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „საბუეს“ დამფუძნებელი გიორგი თურქაძე „ბიზნესპარტნიორთან აღნიშნავს, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
"ცნობადობის გაზრდასთან ერთად, „საბუეს“ ნაწარმზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენება პროდუქტის გემოვნურ თვისებებზე აისახება და როგორც ჩვენი მომხმარებლები ამბობენ, „საბუეს“ ნახევარფაბრიკატებს სახლში მომზადებულის გემო აქვს. მსგავსი გამოხმაურებები გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, ვაკეთოთ პროდუქტი მაღალი ხარისხით.
რაც შეეხება პანდემიას, ბუნებრივია, გაყიდვებზე დიდი დოზით იქონია გავლენა. განსაკუთრებით ტრანსპორტის აკრძალვამ და გარკვეულ პროდუქტებზე ფასის ზრდამ. გამოვყოფდი ფქვილს, რომლის ფასიც ბოლო 6-7 თვის განმავლობაში სულ მცირე 20%-ით გაიზარდა, ასევე თითქმის გაორმაგდა მზესუმზირის ზეთის ფასი (ზრდა 85%). ამის ფონზე მოგვიხდა ფასების კორექტირება. 2020 წლის აპრილში იგეგმებოდა დამატებითი ფილიალის გახსნა, თუმცა, პანდემიის გამო, ეს პროცესი დროებით შევაჩერეთ,“– აღნიშნავს გიორგი თურქაძე.
საწარმო რუსთავში მდებარეობს, სადაც დასაქმებულია 7 ადამიანი. „საბუე“ მომხმარებლებს საქონლის ხორცისა და სულგუნისგან დამზადებულ პელმენს, ბლინს, ხინკალს, ვარენიკებს და სხვა პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ხარისხისა და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით მზადდება. არსებობის განმავლობაში კომპანიაში საერთო ინვესტირებული თანხა 80000 ლარს შეადგენს.
„ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისსა და რუსთავში. წამოების გაფართოება და ფილიალების დამატება ნამდვილად შედის ჩვენს უახლოეს გეგმებში, ვაპირებთ თბილისის კიდევ რამდენიმე უბნის ათვისებას. ამის გარდა ბათუმსა და ქუთაისში საწარმოს გახსნას ვგეგმავთ და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას,“– აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.