ბიზნესი
13/12/2021

საბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედება გადავადდება - დადგენილების დეტალები

საბაჟო კოდექსის ცალკეული ნორმების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ითვალისწინებს იმ ნორმების გადავადებას, რომლის ამოქმედების ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 1 იანვრისთვის.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს საბაჟო ფორმალობებში ჩართულ პირებს უკეთ შეძლონ კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტირება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველომ ეტაპობრივად უნდა განახორციელოს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემის სრულყოფილი ამოქმედება.

კანონპროექტით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტს (Duty Free), რომელიც არ მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო ზოლში, 2023 წლის 1 იანვრამდე გაუგრძელდება შესაძლებლობა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა და მიეცემათ მეტი დრო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.

ახალი წესებით საქონლის შემოტანა-გატანისას ზოგადი დეკლარირება წინასწარ, საქონლის წარდგენამდე უნდა განახორციელოს საქონლის გადამზიდავმა.

ასევე, ტერმინი „სასაქონლო ოპერაცია" იცვლება ტერმინით „საბაჟო პროცედურა" და ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის საგადასახადო და საბაჟო კოდექსები.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების დებულებების ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

Businesspartner