ბიზნესი
19/05/2022

საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით ტვირთნაკადები გაიზარდა

საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით საერთაშორისო ტვირთნაკადები გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში "სარფის" გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 17 390 სატვირთო ავტომობილი, საქართველოდან კი 13 400 სატრანსპორტო საშუალება გავიდა.

გაზრდილი ტვირთნაკადთან დაკავშირებულ საკითხებსა და გამოწვევებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები "სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ. მხარეები განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

"ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყოს მაღალ ნიშნულზე და მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ბიზნესის წინაშე.  შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გამოიკვეთოს პრობლემები და მოინახოს მათი ეფექტური გადაჭრის გზები“,- განაცხადა ლევან კაკავამ და აღნიშნა, რომ  დიდი მნიშვნელობა აქვს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ელექტრონულ რეჟიმში, წინასწარ ინფორმაციის გაცვლას, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ შეფერხებას, რაც შეიძლება გაზრდილი ტვირთბრუნვისას წარმოიშვას.