საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი “ნიკოლი“ იტალიის ბაზარზეც გაიყიდება
საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ნიკოლი“ ექსპორტზე იტალიაში გავიდა. კომპანია იტალიის ქალაქ ნეაპოლში ახლო მომავალში პროდუქციის დასაწყობებასაც აპირებს.
როგორც „ნიკოლის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა,ამ დროისთვის ტანსაცმლის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში ხდება.
„პროდუქციის დასაწყობების შემდეგ ვფიქრობ, რომ გაყიდვები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. პირველ ეტაპზე მცირე მოცულობის პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ. ნიმუშების გაგზავნის შემდეგ მოეწონათ ჩვენი, როგორც საფასო პოლიტიკა, ისე ტანსაცმლის ხარისხი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიასთან თანამშრომლობა სწორედ პანდემიის პერიოდში დავიწყეთ“-აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.
„ნიკოლის“ დამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. „ საექსპორტო მოცულობების ზრდის შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ არ შეგვექმნება მიწოდებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა.“- განმარტა ნიკა ნიკოლაიშვილმა.
საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პროდუქცია ექსპორტზე საუდის არაბეთშიც გაიტანა.