საბავშვო გასართობი ცენტრი "მინიონები" $320 000-ად იყიდება
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ იყიდება. მიზეზი საბანკო ვალდებულება და მესაკუთრეების ქვეყნიდან წასვლაა. როგორც ცნობილია, კომპანია 2 წელია დახურულია. ერთ-ერთი მსხვილი ბანკის პროცენტის გადაუხდელობის გამო ცენტრი იძულებული გახდა სამივე ფილიალი დაეხურა და აქედან ერთი საფინანსო ინსტიტუტისთვის დაეთმო.
როგორც „მინიონების“ თანადამფუძნებელი მეგი მექერიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ცალკე იყიდება ვარკეთილში, 280 კვადრატული მეტრის ფართი და ცალკე - ბიზნესი. გასაყიდი ფასი 320 000 დოლარია.
„ვარკეთილში ყველაფერი მოწყობილია და არის მეორე ფილიალისთვის გასახსნელი ინვენტარიც. ჯამში, ორი ფილიალის ინვენტარია, ამას დამატებული ბრენდი და აბსოლუტურად ყველაფერი,“-აცხადებს მექერიშვილი.
მისივე განცხადებით, ახალ მყიდველს კომპანიის მხრიდან საბანკო ვალდებულება არ ექნება.
„ეს ბიზნესი ჩვენი ოჯახის საკუთრებაა, ყველანი ვაპირებთ წავიდეთ ქვეყნიდან. ჩვენ აღარ გვიღირს აქ დარჩენა. ისე ძალიან კარგი ბიზნესია, მოქმედია, ხალხმა იცის და კითხულობს,“ - აცხადებს მექერიშვილი.
„მინიონებს“ ჯამში ბანკის წინაშე 450 000 ევროს დავალიანება აქვს.