ბიზნესი
29/04/2022

"საბანკო ანგარიშებზე წვდომა როგორც კი აღგვიდგება, ქარხნები მუშაობას განაახლებენ"

IDS ბორჯომი წარმოების დროებით შეჩრებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიიდან აცნობეს, ქარხნებში სამუშაო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც კომპანიას საბანკო ანგარიშებზე წვდომა სრულად აღუდგება. 

"ამ დროისთვის შეზღუდული გვაქვს წვდომა კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საბანკო ანგარიშებზე, რის გამოც ვერ ვახერხებთ კომპანიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საბანკო ოპერაციების შესრულებას. როგორც კი სრულად აღგვიდგება წვდომა ჩვენს საბანკო ანგარიშებზე, დაუყოვნებლივ აღდგება ქარხნებში სამუშაო პროცესი და უფრო მეტიც, დავასრულებთ ახალი, ინოვაციური ქარხნის მშენებლობას, (ამ დროისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია) რომელიც თავისი მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით უნიკალური იქნება რეგიონში", - აცხადებენ კომპანიაში. 

შეგახსენებთ, კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს.  კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.