ბიზნესი
29/11/2021

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა უნდა მოწესრიგდეს - ცვლილებები მზადაა

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის მოწესრიგების მიზნით კანონში ცვლილებები შედის.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანდა პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის მოწესრიგების უზრუნველყოფას.

კანონპროექტი პირველი მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით, ცვლილების საფუძველზე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, რასაც ითვალისწინებს კანონპროექტი, გაიზრდება დარგის ეფექტიანად და მოქნილად მართვის და განვითარების შესაძლებლობა.

მანვე წარადგინა სხდომაზე განსახილველად კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლის მიხედვითაც იმ პირთა ჩამონათვალს, რომელსაც საგადასახადო ორგანომ, გამონაკლისის სახით შეუძლია გადასცეს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, დაემატება ასევე სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

Businesspartner