ბიზნესი
12/08/2021

რუსთავში მოქმედი საწარმოები გარემოსდაცვით ვლდებულებებს ვერ ასრულებენ

რუსთავში მოქმედი საწარმოები კანონით ნაკისრ ავლდებულებებს კვლავაც ვერ ასრულებენ.

ქალაქში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე) შეამოწმა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი საწარმო არ ასრულებს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებაა.

ინსპექტირებულ საწარმოებს შორისაა „რუსთავის ფოლადი“, „ჯეოსთილი“, „რუსელოისი“, "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, „რუსთავის აზოტი“, „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, „ფერო ელოის ფროდაქშენი“, „ჯეოფერომეტალი“, „არსემ კორპი“ და „ეი-ემ-ბი ალოისი“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიების მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე (1) მუხლის I ნაწილით და მასალები განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.

უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმა 10 000 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი, ორმაგდება. სამართალდარღვევის ყველა მომდევნო ჯერზე ჯარიმად განსაზღვრულია  40 000 ლარი.

რეგულირების ობიექტების ინსპექტირებისას, გამოვლინდა სხვა ისეთი სამართალდარღვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, გაუმართაობა, უქონლობა, ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების კონტროლის გამკაცრება ახალ რეგულაციებს უკავშირდება -  2021 წლის 1 ივნისიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა.

 

Businesspartner