ბიზნესი
16/03/2022

"რუსთავის აზოტი" წარმოებაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ამ ეტაპზე არ ელის

საქართველოში აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი „რუსთავის აზოტი“ წარმოებაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას არ ელის.  

კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე იმედოვნებს, რომ ომი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები ეწირებიან, სწრაფად დასრულდება.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ომი, არა ვითომ „სამხედრო ოპერაცია“, მალე დასრულდება. ამ ომს ეწირებიან ბავშვები. ასეთ დროს ბიზნესზე საუბარი ვერ იქნება“, - ამბობს ლევან ბურდილაძე. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქციას საექსპორტო ბაზრებს აწვდის.

„რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო რომც გამოჩნდეს ბაზრებზე ახალი შესაძლებლობა მისი სწრაფად ათვისება შეუძლებელია. წარმოების გაზრდას დამატებითი ინვესტიციები და საწარმოო სიმძლავრეები გაზრდა სჭირდება,“ - განმარტავს ბურდილაძე.

მისი თქმით, სასუქების ფასზე გავლენა ბუნებრივი აირის ფასებს ექნება.

აზოტოვანი სასუქები საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საექსპორტო პროდუქტია. 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე 119.5 მლნ დოლარის სასუქის ექსპორტი განხორციელდა. 38 მლნ დოლარით მთავარი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო.

Businesspartner