რუსეთ-უკრაინის ომის გამო "ქვიტირი" გაკოტრების ზღვარზეა
რუსეთ-უკრაინის ომმა ქართულ ბიზნესზე გავლენა უკვე მოახდინა. წყალტუბოში, მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირი“ გაკოტრების პირასაა.
კომპანიის დამფუძნებელი გოდერძი შავგულიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „ქვიტირის“ შემოსავლი უკრაინაში რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი იყო, დღეს კი კომპანიას არ აქვს არც სარეალიზაციო ბაზარი, არც შემოსავალი და ვერ ისტუმრებს საბანკო ვალდებულებებს.
„უკრაინაში გადატვირთვების დიდი ნაწილი კონსიგნაციით (შეთანხმება, როდესაც მხარეები წინასწარი ანგარიშწორების გარეშე გარკვეული დროით და პირობებით ყიდულობენ პროდუქციას) ხდებოდა. ჩვენც გადატვრითული გვაქვს და ჩარიცხვებს ველოდებოდით. საუბარია, დაახლოებით 56 ტონა მწვანილზე.
ერთ-ერთ მსხვილ ბანკში 65 000 დოლარის სესხი მაქვს, რომლის გადახდასაც ვეღარ ვახერხებ, იქნებ 6 თვით რესტრუქტურიზება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ქონებით ვაგებ პასუხს, ” - აცხადებს შავგულიძე.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან. მათ შორის, ლატვიასთან.
„ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა კომპანიის საქმიანობა. ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება არ მიღირს,“ - აცხადებს შავგულიძე.
კოოპერატივი „ქვიტირი“ წყალტუბოში 2014 წელს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია დაახლოებით 3000-4000 კვ.მეტრის ფართობზე არსებული სათბურები. კომპანიის პროდუქცია 100%-ით ექსპორტზე გადიოდა.