ბიზნესი
22/08/2022

რუსებზე შეზღუდვა ბინის გამქირავებელთა 15%-ს აქვს - უძრავი ქონების სააგენტოების შეფასებები

რუსებზე შეზღუდვა ბინის გამქირავებელთა  მხოლოდ 10-15%-ს აქვს.  როგორც უძრავი ქონების სააგენტო „სიგმას“ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თითქმის იგივე მაჩვენებელია უკრაინელებზე ბინების გაქირავების შემთხვევაშიც.

„ადრე უფრო იყო შეზღუდვა, ახლა თითქმის აღარ იგრძნობა. უკრაინელებზე რისკია და ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ფინანსურად ვეღარ შეძლონ ქირის გადახდა,რასაც ვერ ვიტყვით რუსებზე, მათი დიდი ნაწილი ფულითაა ჩამოსული და აქ კომპანიების გახსნით არიან დაკავებულები. ბინის გამქირავებლებსაც სტაბილურად უფრო რუსებზე გაქირავება მიაჩნიათ, ვიდრე უკრაინელებზე,“-აცხადებს ლაჩაშვილი.

გამქირავებელთა რა ნაწილს აქვს შეზღუდვა რუსებზე აღნიშნულ კითხვაზე კონკრეტული მაჩვენებლები  არ აქვს „ჯეო რეალთის“ დამფუძნებელ მაია გამზარდიას, რადგან მისი კომპანია ძირითადად  იმ უცხოელებზე მუშაობს, რომლებიც ჩამოჰყავთ ორგანიზაციებს და არა თავისით შემოსულ უცხოელებზე. ასევე კომპანია ორიენტირებულია მასშტაბურ დაკვეთებზე.

გამზარდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ კომპანია მისივე შიდა გადაწყვეტილებით რუსებზე ბინებს არ აქირავებს.

„საქართველოს კანონმდებლობა არ არის სრულყოფილი იმ თვალსაზრისით, რომ მესაკუთრის ინტერესები პრობლემის შესაბამისად სრულად იყოს დაცული. დღეს მესაკუთრის უფლებების დაცვა  საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი საქმე იყო ისეთი, რომელმაც გვაჩვენა, რომ რუსები, რომლებიც შედიოდნენ 1 წლიანი ხელშეკრულებებით, 3 თვეში ვადის პირობებს არღვევდნენ. პრობლემა იყო ისიც, რომ უდგებოდათ გადახდის პრობლემა.

მივხვდი, რომ მე არ მაქვს მექანიზმი და ბერკეტი, რომ ჩემი მესაკუთრე იყოს დაცული გაქირავების შემთხვევაში, ამიტომ თავს ვარიდებ ისეთ დამქირავებლებზე მუშაობას, რომლის მომავალიც ჩვენთვისვე ცოტა გაუგებარია,“-აცხადებს გამზარდია.

უძრავი ქონების სააგენტო „რეალტორი“ რუსუდან მეიფარიანი  აცხადებს,რომ კომპანიის შიდა გადაწყვეტილებით რუსებზე ბინების გაქირავება არ ხდება.

„მე ავირჩიე გზა, რომ რუსებს საერთოდ არ მოვემსახურო. თუმცა, ბაზარზე არის ხალხი, ვინც მაინც აქირავებს რუსებზე და საკმაოდ ძვირადაც. პროცენტულ წილს მე ვერ დავითვლი, ზოგი აქირავებს და ზოგიც თავს იკავებს. როდესაც რუსულენოვანი მოსახლეობა მირეკავდა, ვთხოვდი მოეწერათ ხელი  დოკუმენტზე, რომ ისინი გმობდნენ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას, ამის შემდეგ ისინი თავაზიანად მემშვიდობებოდნენ,“-აცხადებს მეიფარიანი.

მისივე განმარტებით, უკრაინელების შემთხვევაში შეზღუდვა არ არსებობს. 

 

Businesspartner