Rothschild-ი და Kaiser Partner-ი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობენ
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების სტრატეგიაზე Rothschild & Co-ი კომპანია KAISER PARTNER-ი მუშაობენ.
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ისა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან არიელ მალარდ დე როტშილდსა და შტეფან ლინიგერთან განიხილა.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს, რათა უმოკლეს ვადებში დაიწყოს მისი განხორციელება. პრემიერმა კომპანიების ხელმძღვანელებს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
კომპანიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს, რათა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს პრიორიტეტული მიმართულებები. დოკუმენტის პირველად ვერსიაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
შეხვედრას კომპანია KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.