როგორი იქნება "ზაკვოს" ნაცვლად მშენებარე ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი "სითიზენი"
თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის (ზაკვოს) ნაცვლად მრავალფუნქციურ კომლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.
როგორც ცნობილია, ზაკვოს ადგილზე ახალი საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი (როგორც სავაჭრო, ისე საოფისე ფართები) უნდა აშენდეს.
IG Development-ის მიერ „თიბისი ბანკისგან“ გამოსყიდული შენობა თითქმის სრულად დანგრეულია. შენობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე N2-ში მდებარებს, წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
როგორც IG Development-ის შვილობილი კომპანია City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, "სითიზენის" პროექტში, რომელიც 46 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება, გაყიდვები უკვე დაიწყო.
პროექტში კი 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„მთელ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმებულია, სამუშაოები უკვე დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. პროექტს ჰქვია „სითიზენი.“
ძირითადად აქ იქნება საცხოვრებელი სივრცე, თუმცა კომერციული და საოფისე ფართებიც ბუნებრივია, გათვლისწინებული გვაქვს. ასევე ადგილზე მოეწყობა გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სივრცეები. ეს პროექტი ცენტრალური უბნისთვის უპროცენდენტო ზომის გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავს. სივრცის 50% დაეთმობა ეზოს. საპარკინგე სივრცეები მიწის ქვეშ იქნება. ადგილზე განთავსდება ხელოვნური ტბაც.
პროექტი თბილისის ცენტრალური პარკიდან 50 მეტრის მოშორებით ხორციელდება.“-აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტი ოთხი ბლოკისგან და ერთი „თაუერისგან“ შედგება. 1 კვ.მ-ის ფასი კი საშუალოდ $1900-ა. ღირებულება დამოკიდებულია ხედსა და სართულზე.
„გაყიდვებში პირველი ჩაეშვა „დ“ ბლოკი, რომლის 80 პროცენტი უკვე გაყიდულია. „ც“ ბლოკი ზომით ბევრად დიდია და მისი 40 პროცენტია ამ დროისთვის რეალიზებული. უნდა ითქვას, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელშიც 300 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფინანსები შეკრულია და აქტიურად ვმუშაობთ.“ -აღნიშნა გოგა მაჭავარიანმა.
ახალი კომპლექსის დასრულების ვადად კი 2026 წელია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.