ბიზნესი
24/05/2023

როგორ ვიშოვოთ და ვმართოთ ფული

«სიმდიდრე მოაქვს არა იმ ფულს, რაც გამოიმუშავე, არამედ იმას, რაც არ დახარჯე»

                                                                                                     ჰენრი ფორდი

ყოველ დღე ტრადიციული რუტინა... მიდიხართ სამსახურში. დაუღალავად შრომობთ. ზოგჯერ სხვაზე მეტს. ზოგჯერ დაუფასებლადაც. სახლისკენ მიმავალი ტრანსპორტში დროის მოკვლის მიზნით სოციალურ ქსელს გადაავლებთ თვალს. თქვენი ახლობელი თურმე ახალ ბინაში გადასვლას აღნიშნავს. მეზობელსაც ახალი მანქანა ჰყოლია. მეგობარი თურმე სამოგზაუროდ მიდის. ყოფილ კოლეგას კი თქვენთან შეძენილი გამოცდილებით ბიზნესი დაუწყია... ყველას წარმატება გიხარიათ და ულაიქებთ მილოცვის ტექსტებით. თუმცა გულის სიღრმეში გიჩნდებათ კითხვა: როგორ მოახერხეს?... თქვენც ხომ არანაკლებს შრომობთ, სხვებზე უკეთ სწავლობდით, რაღატომ ვერ უყრით ფულს თავს? თავის გასამართლებელ პასუხსაც პოულობთ: სხვებს თქვენსავით მარტო არ უწევთ დიდი ოჯახის გაძღოლა, არც განსაკუთრებული იღბლით გამოირჩევით, არც  ძუნწი ხართ, ხარჯებიც მეტი გაქვთ. პასუხი რაც არ უნდა იყოს, ყველა მართალია, თუმცა შეიძლება (არა ყოველთვის) არსებობდეს კიდევ ერთი პასუხი, რომელსაც გულის სიღრმეში თავს არ უტყდებით: «არ იცით ფულის მართვა»

როცა ფულის შოვნის ოქროს წესებზე ვსაუბრობთ, ალბათ პირველი, რაც თავში მოგვდის, კვალიფიციური განათლება, შრომისმოყვარეობა, იღბალი თუ გავლენიანი გარემოცვაა. თუმცა ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, პიროვნების ფინანსური წარმატების უამრავ მაგალითს გავიხსენებთ, როცა ამ წარმატების მიღმა არც წამყვანი უნივერსიტეტების დიპლომი იდგა, არც გავლენიანი წრე და არც განსაკუთრებული იღბალი. და თუ მხოლოდ შრომისმოყვარეობაა მიზეზი, რატომ ვერ ახერხებთ მოუყაროთ თავი ფულს მაშინ, როცა არანაკლები მონდომებით შრომობთ?

ფულის შოვნა ნიჭია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ნიჭი მისი განკარგვაა. პირველ შემთხვევაში ფორტუნა თუ შესაძლოა შემთხვევით თქვენს მხარეზე აღმოჩნდეს, მეორე შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი ჩვევების, მიდრეკილებების და უნარების იმედზე მოგიწევთ ყოფნა.  

და რა არის ეს უნარები, რაც ჯერ ფულის შოვნაში, შემდეგ კი განკარგვაში გვეხმარება?

1. მიზნის ჩამოყალიბების უნარი

ჩამოყალიბდით მიზნებში. ის გიკარნახებთ, რა არის გასათვალისწინებელი, რა თანხა გჭირდებათ რეალიზებისთვის, რა საშუალებებით შეიძლება მოუყაროთ მას თავი, სად და რა დროში. ცხადი მიზნების გარეშე არის დაქსაქსვის და  ფინანსური რესურსების არასწორი მიმართულებით ტყუილუბრალოდ ხარჯვის საფრთხე.

2. დაგეგმვის უნარი

დასახეთ სამოქმედო გეგმა. ეს საშუალებას მოგცემთ, სწორად გადაანაწილოთ თანხები. დაგეგმვას წინ უძღვის ინფორმაციების მოძიება და ანალიზი, რაც შრომატევადი საქმეა და ბევრი თავს არიდებს მას. მაგრამ გაითვალისწინეთ: დაუგეგმავი და სპონტანური  ნაბიჯები, პირველივე შესაძლებლობებით მანიპულირებული და ნაჩქარევი შენაძენები ბევრად მეტ თანხებს გართმევთ, ვიდრე წინასწარ დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების და ანალიზის  შემთხვევაში.

3. პრიორიტეტების გამოყოფის უნარი

ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს ან გარემოებებს არასწორად ვაფასებთ და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ერთდროულად გავართმევთ თავს. შემდეგ კი ვხდებით სტრესის, უმოტივაციობის,  პროკრასტინაციის და დელეგირების მცდელობის მსხვერპლი. საქმის გადადება თუ სხვაზე დელეგირება კი ხშირად დამატებით საკადრო თუ სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებს იწვევს, ან შედეგად არასასურველ ხარისხს ვიღებთ, რისი გამოსწორებაც ასევე დამატებით რესურსებს საჭიროებს.

4. დაზოგვის უნარი

ფრენსის ბეკონს* თუ დავუჯერებთ «გამდიდრების ბევრი გზა არსებობს. დაზოგვა საუკეთესოა მათ შორის»

გაუფრთხილდით ფულს. უარი თქვით თქვენს ცდუნებებსა და მფლანგველობით ჩვევებზე. ხოლო თუ თვლით, რომ ფლანგვაში თქვენი დადანაშაულება არასამართლიანია, რადგან დასაზოგი თანხა სულ სხვა მიზეზით, მაგ. დაბალი შემოსავლების თუ მაღალი საყოფაცხოვრებო თუ სხვა აუცილებელი ხარჯების გამო არ გრჩებათ, ან ისედაც უკიდურესად ეკონომიურად ცხოვრობთ, გაითვალისწინეთ: თუნდაც თითო დაზოგილი ლარი ერთ დღეს 10 ლარად იქცევა, შემდეგ 100 ლარად და ა.შ. დაზოგეთ თუნდაც მცირედი თანხები.


გავყვეთ უფრო კონკრეტულად:

თუ გადაწყვიტეთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა ბიზნესად აქციოთ, დაიწყეთ მიზნის დასახვით. თავიდანვე დაუსვით თავს კითხვა: მზად ვარ ამისთვის? გააზრებული მაქვს ყველა გამოწვევა, რაც საქმიანობაში მელის? თუ შუა გზაზე აღმოაჩენთ, რომ «არა»  და ყველაფრის მიტოვება მოგიწევთ, მანამდე გაწეული ხარჯები ამაო აღმოჩნდება. არა და შეიძლებოდა სხვა მიზნებს, მაგ. მოგზაურობას თუ ახალი პროფესიის შეძენას მოხმარდებოდა, თავის დროზე სწორი მიზანი რომ დაგესახათ. სწორად შერჩეულ მიზანს მეტი ენთუზიაზმით და გულმოდგინებით ეკიდებით. მონდომებით შესრულებულ საქმეს კი ფინანსური წარმატებაც უფრო ადვილად მოაქვს.

თუ თქვენი პასუხი იქნება «კი», დაიწყეთ ნაბიჯების დაგეგმვა. ჯერ შეისწავლეთ სამომხმარებლო ბაზარი, პოტენციური სეგმენტი და კონკურენტები. საწარმოო საშუალებებზე წვდომის არხები, სარეალიზაციო არხები, საკადრო რესურსები, ყველა სავარაუდო ხარჯი და მათი ოპტიმიზაციის შესაძლებლობები, დარგობრივი ცოდნის გაღრმავების ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. გაითვალისწინეთ, საწყის ეტაპზე ვერ გექნებათ ყველა მიმართულებით საქმის დაქირავებულ კადრზე დელეგირების ფინანსური შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქმის კეთება თავად მოგიწევთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მეტნაკლებად ერკვეოდეთ ფინანსებშიცმარკეტინგშიცმენეჯმენტშიც და თავად იმ საქმეშიც, რაშიც ბიზნესს იწყებთ. ცოდნის და ინფორმაციის მოძიების ბევრი უფასო საშუალება არსებობს. მაგ. წიგნები და ინტერნეტი. წინასწარ მომზადებული ეტაპებით და ინფორმაციით შეცდომების დაშვების ნაკლები ალბათობაა. შეცდომები კი ხშირად ძვირი გვიჯდება. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

გამოყავით პრიორიტეტები. შეუძლებელია გაყიდვების არხების მოძიება უფრო პრიორიტეტული იყოს, ჯერ თუ არ გეცოდინებათ ვინ იქნება თქვენი პროდუქტებისთვის  სამომხმარებლო სეგმენტი და დეტალურად არ შეისწავლით მათ საჭიროებებს და მოლოდინებს თქვენი პროდუქტის თუ მომსახურების მიმართ. შესაბამისად არ მოგიწევთ გასწიოთ წარმოების ხარჯი და შექმნათ ისეთი პროდუქტი და გაიტანოთ სარეალიზაციოდ წინასწარ დაქირავებულ სავაჭრო ობიექტში, რომელიც მომხმარებელს არ მოეწონება.

და ბოლოს, ეცადეთ დაზოგვის გზით თავიდან აირიდოთ დამატებითი ხარჯები. მაგ. თუ თავისუფალი დრო გრჩებათ, ნუ ითაკილებთ ან დაიზარებთ თავად შეასრულოთ გარკვეული დავალებები, რომლისთვისაც სხვას ქირაობთ და ფულს უხდით. ისწავლეთ დაზოგვა მცირედით.

ამავე პრინციპებით შეგიძლიათ მიუდგეთ მოგზაურობას, ბინის შეძენას და სხვა ცხოვრებისეულ საკითებს.

ასე რომ, თუ გაქვთ კითხვა, როგორ მართოთ ფული, აქციეთ ზემოთ ჩამოთვლილი უნარები ცხოვრების წესად. ხოლო თუ გიჩნდებათ კითხვა, როგორ იშოვნოთ ფული, ვერავინ გიპასუხებთ ჰენრი ფორდზე უკეთ: არ დახარჯოთ ის არაგონივრულად.

ფრენსის ბეკონი - ინგლისელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე.

ჰენრი ფორდი - ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი