ბიზნესი
02/11/2021

რითეილ გრუპ ჯორჯია: კერძო კომპანიების მხრიდან შეზღუდვების დაწესება, ალოგიკურია

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ეხმაურება. მისი ინფორმაცით, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მთავრობის პოზიცია, თუ რას თვლის პანდემიის მართვის ეფექტურ გამოსავლად.

მისი ინფორმაციით, კერძო კომპანიები ეცდებიან, ოპერირება მინიმალური რეგულაციების ქვეშ გააგრძელონ, თუმცა, აქ გადამწყვეტი სიტყვა მთავრობამ უნდა თქვას.

„ახლა არაორდნალური სიტუაციაა და კომპანიები უფრო მეტი პასუხისმგებლობით და გაგებით ვეკიდებით ასეთ საკითხებს იმიტომ, რომ გვინდა ავირიდოთ უფრო რთული საბოლოო გამოსავალი. თუ „მწვანე  ბარათია“ იმის გამოსავალი, რომ პანდემიის ზეგავლენა შევამციროთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი კომპანიები მხარს დავუჭერთ სახელმწიფოს იმ რეგულაციებს, რომელსაც დააწესებს.

მე არ ვარ ექსპერტი და დააჩქარებს თუ არა ეს პროცესი ვაქცინაციას, არ ვიცი, თუმცა, როგორც მოქალაქე, მხარს ვუჭერ ვაქცინაციას. მთელი ჩვენი მენეჯმენტი აცრილია და რაც კი საჭირო იქნება, იმას გავაკეთებთ.

როდესაც მოლოდინი იქმნება, რომ კერძო კომპანიებმა თვითონ მოითხოვონ გარკვეული შეზღუდვები, ეს ალოგიკურად მიმაჩნია. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, რა არის მისთვის ის ოპტიმალური რეგულაციები, რომლითაც თავიდან ავირიდებთ ჩაკეტვას და გრძელვადიან სირთულეებს, უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან, რომ ნებისმიერი რეგულაცია რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად გატარდეს.

„მწვანე ბარათების“ სისტემა თუ სწორად ამოქმედდა, ვფიქრობ, კარგ შედეგს მოგვიტანს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს არც ნებაყოფლობითი და არც შერჩევითი,“-აცხადებს მაღალაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ის ბოლო დღეებია უარესდება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

დღესვე, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და  „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა.