რითეილ გრუპ ჯორჯია ეპიდსიტუაციაზე: უკვე გვაქვს გამოცდილება, უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მთავრობა გადაწყვეტს შეზღუდვებს, რითეილ სექტორს აქვს ამის გამოცდილება და ისე იმოქმედებს, როგორც საჭირო იქნება.
მისი განცხადებით, ყველაფერი გაკეთებადია, თუ წინასწარ შეთანხმებულად ვიმოქმედებთ.
„ჩაკეტვას არც მთავრობა განიხილავს, რადგან ყველამ ვიცით, ლოქდაუნების დროს რაც მოხდა, ბევრი ბიზნესი დაიხურა, ბევრი სამსახური დაიკარგა, ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ სიმულაცია რა შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ შეზღუდვის ან დაკეტვის შემთხვევაში. სხვა ნებისმიერ შემთხვევაზე გვაქვს უკვე გამოცდილება როგორ ვიმუშაოთ და ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან - გვითხრან რა არის საჭირო და გავაკეთებთ,“-აცხადებს მაღალაშვილი.
მისი ინფორმაციით, სიტუაცია რომ მძიმეა, ეს ფაქტია და ამას ყველა ხედავს. შესაბამისად, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ უფრო მეტად უნდა მოხდეს ჩვენი მხრიდან როგორც მომხმარებლის, ისე თანამშრომლების დაცვა, სექტორი ამისთვისაც მზადაა.
„ჩვენ იმ რეგულაციებს მკაცრად ვიცავთ, რაც გვაქვს, თანაშრომლებს ტესტირებას ვუკეთებთ, ზოგიერთ დეპარტამენტში კვირაში ერთხელაც, მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირაში ერთხელ 20% გვეკუთნის. ჩვენ კვირაში ერთხელ ყველა თანამშრომელს ვტესტავთ. უფრო მკაცრი შეზღუდვებითაც გვიმუშავია. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ, რომ შესაბამისად მოვემზადოთ,“-აცხადებს მაღალაშვილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, ღია სივრცეში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება, პირბადე გამოიყენონ. მან აქვე დასძინა, რომ პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეშიც შემცირდა.
“ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციების ნუსხა, სადაც ერთი მხრივ მთავარია ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიცირება, მეორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.