ბიზნესი
04/04/2022

"რითეილ გრუპ ჯორჯია" Bershka-ს, Mango-ს და Aldo-ს ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს ქმნის

„რითეილ გრუპ ჯორჯია” ონლაინ პლატფორმების გაძლიერებაზე ორიენტირდება. როგორც კომპანიის დირექტორი რეზო მაღალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, წლის ბოლომდე დაგეგმილია Bershka-ს, Mango-ს და Aldo-ს ვებ-პლატფორმის ამოქმედება. 

მისი განცხადებით, კომპანიამ  უკვე გახსნა Zara-ს და Massimo Dutti-ს ონლაინ პლატფორმები.

როგორც მაღალაშვილი აცხადებს, კომპანიის მთლიან გაყიდვებში ონლაინ მიმართულებას დაახლოებით 7% უჭირავს.

„ევროპაში ეს წილი დაახლოებით 15%-მდეა, რაც საქართველოსთვის მისაღები მაჩვენებელია. რეგიონში ონლაინ გაყიდვების წილი მთლიან გაყიდვებში მხოლოდ 4%-ია და ჩვენი მიზანია, წელიწადნახევარის განმავლობაში ეს წილი 15%-მდე გავზარდოთ,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

"რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი აქცენტს გაძვირებულ გადაზიდვებზეც აკეთებს და ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უახლოეს მომავალში არაერთი ლოგისტიკური პრობლემა იქნება. 

"გაძვირდა ყველა ტიპის გადაზიდვა, საჰაეაროდან დაწყებული საზღვაოთი დასრულებული. ომის ვითარებაში ზოგჯერ დერეფანი გაჩერებულია, ან გადატვირთულია, ამან კი ფასების და მიწოდების ვადების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვია. ვფიქრობ, წელს არაერთი ლოგისტიკური გამოწვევა იქნება," - აცხადებს მაღალაშვილი. 

შეგახსენებთ, „რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.