ბიზნესი
29/12/2021

"რითეილ გრუპ ჯორჯია" 2022 წელს მინიმუმ 3 ახალ ბრენდს შემოიყვანს

„რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში შემოსვლაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორისაა ქალის სამოსის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკისა და სპორტული აქსესუარების ბრენდები.

"რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორი რეზო მაღალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ კომპანიის სათაო ოფისი მოლაპარაკებებს აწარმოებს 10-მდე ბრენდთან და 2022 წელს საქართველოში 3 ახალ ბრენდს უნდა ველოდოთ.

რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება ახალი ბრენდების და ახალი მაღაზიების გახსნაში ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა, მაღალაშვილი აცხადებს, რომ საშუალოდ, 1 მაღაზიის გახსნა 200 000 დოლარიდან  3 მლნ დოლარამდე ჯდება, გააჩნია ბრენდს და ფართს.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ყველაზე დიდ ფოკუსს 2022 წელს ონლაინ პლატფორმების გაძლიერებაზე გააკეთებს. შედეგად, მომავალ წელს კომპანია  ბრენდების ვებ-პლატფორმას აამოქმედებს. მათ შორის, "მანგოს", "ალდოს" და ასე შემდეგ.

„ერთი თვის წინ გადავედით ახალ საწყობში, რომელიც არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია შესაფუთი დანადგარებით, სადაც ხდება ონლაინ შეკვეთების მომზადება და მომხმარებლებზე განაწილება,“ - აცხადებს მაღაშვილი.

„რეითეილ გრუპ ჯორჯია” ქვეყანაში 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის 60 მაღაზიას წარადგენს.