ბიზნესი
27/11/2020

“რისკი იმისა რომ ბევრი ბრენდი დატოვებს ბაზარს, საკმაოდ დიდია“ - ისთ ფოინთი

„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი თეიკო ლომინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ახალ შეზღუდვებზე საუბრობს. მისი თქმით, რითეილ სექტორისთვის დეკემბერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე, ეს გადაწყვეტილება კი ტოტალური "ლოქდაუნის" ტოლფასია.

„ჩვენ ვიაზრებთ მდგომარეობის სირთულეს და არსებულ სიტუაციას, მზად ვიყავით დამატებითი შეზღუდვებისთვის, თუმცა, ის რაც საბოლოოდ დამტკიცდა, რითეილისთვის და კონკრეტულად „ისთ ფოინთისთვის“ ძალიან რთული იქნება.

ჩვენი სტრატეგიაა, რომ შევინარჩუნოთ ყველა თანამშრომელი, მაგრამ რისკი იმისა რომ ბევრი ბრენდი ვერ გაუძლებს და დატოვებს ბაზარს საკმაოდ დიდია. იმედი გვქონდა, რომ დეკემბერში შემოსავლების დაბალანსებას შევძლებდით, ახლა ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს. ჯერ ვერც იმას ვიტყვით დავძლევთ თუ არა ამ კრიზისს. ისევე როგორც პირველი ლოქდაუნის დროს, მოიჯარეები ქირას არ გადაიხდიან, ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. „ისთ ფოინთს“ ონლაინ პლატფორმა არ აქვს, თუმცა მაღაზიები, რომლებსაც აქვთ ეს სერვისი გააგრძელებენ მუშაობას,“– აღნიშნავს თეიკო ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

Businesspartner