ბიზნესი
30/08/2021

რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულები უნდა დაიშვებოდნენ - რესტორატორების ინიციატივა

ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელის მფლობელი თეკუნა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ  რესტორატორები კვების ობიექტებში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეების დაშვებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან. საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

„ეს რეკომენდაცია საზოგადოებაში წამახალისებელიც გახდება. როდესაც პერსონალი და სტუმარი სრულად აცრილია, ყველა უფრო თავისუფლად იგრძნობს თავს. ეს გამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერთ აზრზე ვიქნებით და რაც მთავარია, თუ იქნება სახელმწიფოს ნება. სხვა შემთხვევაში ვიღაც შეასრულებს, ვიღაც - არა. მთელ მსოფლიოში ასეა, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სავალდებულო გახდა,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

როგორც  გაჩეჩილაძე აცხადებს, მისი რესტორნების ქსელში თანამშრომლების 90% აცრილია, 15 სექტემბრისთვის კი ყველა ვაქცინირებული იქნება.

რესტორნების ქსელის მფლობელი განმარტავს, რომ რთულია ახალი რეგულაციით მუშაობა (22:00 საათამდე), რადგან ზაფხულია, ცხელა და ხალხი 18:00 საათზე სავახშმოდ არ მოდის.

„მოდიან 20:00 ან 20:30 საათზე. მუშაობის მოკლე პერიოდი არასაკმარისია, ეს შეზღუდვა ჩვენი სფეროსთვის არ არის კარგი. მესმის, რომ ღამე ღრეობა, სმა და ბარი არ შეიძლება, მაგრამ  1 საათით უკან გადმოწევა განსაკუთრებით რესტორნისთვის, აბსურდია. თუ ვირუსის გავრცელების საშიშროება არის ან სულ უნდა დაკეტილიყო, ან სხვა გზა უნდა  გამოგვენახა. მუშაობას აზრი აქვს, სულ დახურვას სჯობს, ხალხი მაინც არის, თუმცა, შემცირებული ნაკადით,“ - აცხადებს თეკუნა გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 24 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე მუშაობენ. ამავდროულად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 2 სექტემბერს საქართველო-კოსოვოს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

რაც შეეხება შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელს, ის აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია სამი რესტორნით: "კულინარიუმ ხაშერია", რესტორანი "ლიტერა" და "ტაკერია".