"რესტორნებისთვის შეღავათი აგრარული პროდუქციის შესყიდვის დღგ-სგან გათავისუფლება იქნებოდა"
ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორის 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება „ზღვარი წვეთია“ იმასთან შედარებით, რასაც სექტორი წლებია ითხოვს. რესტორატორის განცხადებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლება მისთვის არაფერს ცვლის.
მისი ინფორმაციით, სექტორი ყველანაირი შეღავათისთვის მადლობელი იქნება, თუმცა, რეალური შეღავათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის ნაწილში რესტორნების დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლება იქნებოდა.
„თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, ალოგიკურია, რომ ჩვენ რესტორნები ამ გადასახადს (18%) ვიხდით. მთელ მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა - თუ გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღგ-სგან, რესტორანი რომელიც ამას იყენებს, ისიც არ იხდის აღნიშნულ გადასახადს.
იმის ნაცვლად, რომ წაახალისონ სოფლის მეურნეობის სექტორი და ჩვენ, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი ჩვენი ფერმერებისგან ვიყიდოთ, პირიქით, იძლებულს გვხვდიან, ვეცადოთ შევიძინოთ პროდუქცია ისეთი კომპანიებისგან, საიდანაც დღგ-ს ჩათვლა შეგვეძლება. ჩემი ერთი რესტორანი ყოველთვიურად დღგ-ს 50 000 ლარის ოდენობით იხდის, ეს კი ერთი რესტორნისთვის ძალიან დიდი თანხაა, ამას ემატება საშემოსავლო, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიხდით,“-აცხადებს გუბელაძე.
როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“,„ლეილას“ და „ნინიას ბაღის“ მფლობელია.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა. ინიციატივის თანახმად და აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.