ბიზნესი
26/09/2022

რემაქსი: უძრავი ქონების ბაზარზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები სტაბილურდება

რამდენიმეთვიანი  მკვეთრი ზრდის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები გარკვეულწილად დასტაბილურდა და ომამდელ, ბუნებრივ ფასებს მიუახლოვდა, - ამის შესახებ კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელმა მარიამ ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი თქმით, შემცირდა მოთხოვნა პატარა, 1-2-საძინებლიან ბინებზე ქალაქის ცენტრში, რომელთა დიდ ნაწილსაც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან, ომის გამო წამოსული მოქალაქეები 3-6-თვიანი კონტრაქტებით ქირაობდნენ.

ასათიანის თქმით, გარდა იმისა, რომ ახალი მოთხოვნები შემცირდა, რუსი, უკრაინელი თუ ბელორუსი დამქირავებლების ნაწილმა უკვე დატოვა ქვეყანა. შედეგად, მისივე განმარტებით, ბინების ქირის ფასი ომამდელ დონეს ახლა არა 100 და 200, არამედ საშუალოდ 30%-ით აღემატება და რეალურ, ბუნებრივ ღირებულებასთან ახლოსაა.

„უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ომამდეც იზრდებოდა. ომის დაწყების პერიოდისთვის კი, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს შემოსვლა, ფასები ხელოვნურად, 2-3-ჯერაც კი გაიზარდა. ბოლო პერიოდში კი გარკვეული კლება დაიწყო და ომამდელ დონესთან შედარებით საშუალოდ 30%-ით მაღალ ნიშნულზეა. ახლა გამოჩდნენ ევროპელი და სხვა დამქირავებლებიც და მათთვის ბინები გაჩნდა,“ - აცხადებს მარიამ ასათიანი.

მისი განმარტებით, ომის დაწყებიდან მცირე ხანში მათ დაუკავშირდნენ საერთაშორისო კომპანიები - ძირითადად IT-მიმართულების, რომლებმაც საკუთარი თანამშრომლებისთვის კომერციული ფართების მოძიება დაიწყეს. ეს თანამშრომლები კი იყვნენ როგორც რუსეთის, ისე უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები. უშუალო დამქირავებელი კი საერთაშორისო კომპანია იყო. იგივე კომპანია ზრუნავდა ამ თანამშრომლების ბინებით უზრუნველყოფაზეც.

„გარდა იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა, საქართველოში საკუთარი ოფისები გახსნა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც, რომ არა ომი, საქართველოში ბიზნესის გადმოტანაზე არ იფიქრებდნენ. შედეგად კი მათ კადრების ადგილობრივ ბაზარზე მოძიებაც დაიწყეს. შესაძლოა, რუსეთიდან თუ ბელორუსიდან გადმოყვანილი თანამშრომლები მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში ან მაგალითად დუბაიში გადავიდნენ, თუმცა კომპანია აგრძელებს საქართველოში მუშაობას და ადგილობრივ კადრებსაც ასაქმებს,“ - განაცხადა „რემაქსის“ ხელმძღვანელმა.

ამასთან, მარიამ  ასათიანი ამბობს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია მოთხოვნის ახალი ტალღა, რაც რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებას უკავშირდება.