რეალურია თუ არა თაფლის ქართველი მწარმოებლებისთვის EU-ს ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა?
ქართული ბიზნესის შესაძლებლობას ევროპულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი აფასებს. მათი უმრავლესობა თვლის, რომ შესაძლებლობა კარგია, თუმცა, მის რეალურობას შორეული პერსპექტივა აქვს.
საქართველოში მეფუტკრე-ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტი გიორგი კეპაშვილი აცხადებს, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება რეალური, როდესაც ქართული თაფლი იქნება სრულყოფილად და ხარისხიანად გამოკვლეული, ექნება საერთაშორისო სერთიფიკატი და მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანი იქნება.
არის თუ არა ქართული თაფლი საერთაშორისო სტანდარტების და შესაძლებელია თუ არა საქართველოში თაფლის ნიმუშების სრულყოფილად შემოწმება, კეპაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ლაბორატორიაა, თუმცა, მისი ინფორმაციით, თაფლის სრულფასოვნად კვლევა ვერ ხდება.
„გარდა ამისა, მე არ ვიცი, არსებობენ თუ არა ისეთი ქართველი მეწარმეები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ისეთი ქართული პროდუქტი, რომელიც ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.
მე ვიცი, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი საწარმო, რომელსაც შეუძლია შესაბამისობაში მოიყვანოს ნედლეული თაფლი.როგორ მიიღებენ ტენდერებში მონაწილეობას არ ვიცი. როდესაც ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქტებს ხარისხიანად არ იკვლევენ, გინდაც ტენდერი გამოაცხადონ და გინდაც უტენდეროთ სთხოვონ თაფლის მიწოდება, აზრი არ აქვს,“-აცხადებს კეპაშვილი.
საქართველოში მეფუტკრე-ფერმერთა გაერთიანების პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მეფუტრეობა ცუდ მდგომარეობაშია და ამაზე საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობს. საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს იმისთვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ.
შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს. მათ შორისაა, მინერალური წყლები, თაფლი, ხილი.