"რეალური მუშახელი, მიტანის სერვისებსა და ტაქსზე მუშაობს, ტყავის წარმოებაში მაღალი ანაზღაურება არაა"
ქართული ტყავის წარმოებაში კვლავ კადრების დეფიციტია. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „ტერმიტის“ დამფუძნებელი მიხეილ ბერძენიშვილი განმარტავს, კვალიფიციური მუშახელის არარსებობა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
„მიგრაციაა უზარმაზარი და ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ჭირს დაინტერესებული პირების მოძიება, რომლებიც ტყავის ქარხანაში იმუშავებდნენ. ის, ვინც რეალური მუშახელია და დარჩა ქვეყანაში, მუშაობს მიტანის სერვისებსა და ტაქსზე. გაცილებით დიდი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ. ამ ეტაპზე, ეს სფერო არ იძლევა მაღალი ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობას, რადგან დიდი გამოწვევები გვაქვს“,- განმარტა მიხეილ ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება მუშახელის გარდა სხვა პრობლემებს, მიხეილ ბერძენიშვილი მათ შორის - ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, მაღალ კომუნალურ გადასახადებს, ასევე მოძველებულ დანადგარებს ასახელებს.
„სერიოზული გამოწვევაა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაც, როგორც გამყარება, ისე გაუფასურება, რადგან ლარის მერყეობა ნებისმიერ ბიზნესს საქმიანობაში ხელს უშლის“,- განაცხადა „ტერმიტის“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს, ასევე კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს.
2021 წლიდან „ტერმიტი“ მომხმარებელს ცხენის უნაგირებსაც სთავაზობდა, რომლის სერიული წარმოებაც საქართველოში მანამდე არ არსებობდა, თუმცა, ამჟამად, კომპანიას უნაგირების წარმოება დაპაუზებული აქვს.