ბიზნესი
22/04/2021

რატომ ვერ შემოვიდა ქვეყანაში კომერციული ვაქცინა - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ამ ეტაპზე კოვიდ-ვაქცინების არცერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს მზაობას კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე - ამის შესახებ jandacva.ge  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაზე დაყრდნოთ წერს, რომელმაც საკითხზე დღეს, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას ისაუბრა. 

მისი განცხადებით, კერძო სეტორისთვის ვაქცინების შემოტანის გზა გაიხსნება მაშინ, როდესაც დიდი მწარმოებლები დათანხმდებიან აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობას.

„დღეის მდგომარეობით არცერთი დიდი მწარმოებელი არ აცხადებს მზაობას კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, რადგან მათი წარმოება ფარავს მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებს. როდესაც გაიზრდება წარმოება, გაიხსნება გზა კერძო სექტორისთვისაც, რათა მათ შეძლონ ვაქცინების დამატებითი მობილიზება,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა კომერციული კოვიდ ვაქცინების შემოტანის შესახებ განაცხადა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტები შეჩერდა.