რატომ მცირდება ქვეყანაში ბრენდული ხელნაკეთი ფეხსაცმელების წარმოება
ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი ნედლეულის არ არსებობა და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი - ეს ის პრობლემებია, რომელიც აწუხებს როგორც ქართული ბიზნეს სექტორის დიდ ნაწილს, ისე ქართული ხელნაკეთი ფეხსაცმლის მწარმოებლებსაც.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ბრენდ "გეოდეს" დიზაინერი ზურაბ ტურცელაძე აცხადებს, კომპანია ნედლეულის იმპორტს თურქეთიდან ახორციელებს.
„სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე არ მოიპოვება მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავი, რომელსაც წარმოებაში ვიყენებთ. ამიტომ, გვიწევს მისი იმპორტირება, რა დროსაც, ხშირია ფასების მერყეობა როგორც ტრანსპორტირებაზე, ისე ნედლეულზე. შედეგად, ხშირად გვიძვირდება წარმოების პროცესი. თუმცა, ვცდილობთ, ჩვენი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროდუქტზე არსებული ტარიფები,"- აღნიშნავს "გეოდეს" დიზაინერი.
მისივე თქმით, „გეოდესთვის“ წარმოებასა და რეალიზაციაში ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა რუსეთ-უკრაინის ომიც, რომლის დაწყებიდან პირველი 4 თვე, ქართულ სტარტაპს ხელნაკეთი ფეხსაცმლის გაყიდვები სრულად შეჩერებული ჰქონდა. პანდემია და გეოპოლიტიკური ვითარება დაბრკოლებად იქცა სხვა მწარმოებლებისთვისაც. შედეგად, ქვეყანაში იმ ბრენდების რაოდენობა, რომლებიც ხელნაკეთ ფეხსაცმელს ამზადებენ, საკმაოდ მცირეა.
„გარდა ამ მიზეზებისა, პრობლემაა ისიც, რომ მწარმოებლების დიდი ნაწილი, არ ქმნის საკუთარ, ინდივიდუალურ პროდუქტს და უმეტესად ცნობილი ბრენდების მოდელებს აკოპირებენ, რაც ნაკლებად საინტერესოა მომხმარებლისთვის. არ აქცევენ ყურადღებას ხარისხსაც და ამ უკვე არსებული დიზაინის მოდელებს, კერავენ არანატურალური, მეორე ხარისხის მასალით. შესაბამისად, ეს მწარმოებლები დიდხანს ვერ რჩებიან ბაზარზე“, - განმარტავს ზურაბ ტურცელაძე.
ცნობისთვის, ქალი, მამაკაცისა და ბავშვის ხელნაკეთი ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „გეოდე“ 2020 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე, 30-ამდე სახეობის პროდუქტს ქმნის. ბრენდი მალე აშშ-სა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.