რატომ გაქვთ სუსტი მარკეტინგი
«კარგმა მარკეტერმა იცის, რომ მარკეტინგი ხარჯი კი არა, ინვესტიციაა»
სეთ გოდინი
ალბათ ხშირად გსმენიათ ან თავად გითქვამთ ფრაზა: დავიღალე რუტინული სამსახურით, საკუთარი ბიზნესი მინდა ავაწყო.
იწყებთ ფიქრს იმ პროდუქტის შექმნაზე ან იმ საქმიანობაზე, რომელიც მოგწონთ, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენთ, რისთვისაც კომპეტენცია ან გამოცდილება გყოფნით ან რისი შესწავლაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ეძიებთ ინფორმაციას ამ პროდუქტის თუ საქმიანობის ირგვლივ, ქმნით სატესტო ნიმუშებს, ითვლით წარმოების ხარჯებს, კონტაქტს ამყარებთ სარეალიზაციო არხებთან და მოუთმენლად ელით გაყიდვების წარმატებას. მაგრამ ყურადღების მიღმა გრჩებათ უმნიშვნელოვანესი მომენტი: თავად მომხმარებელი!
«ნუ ეძებ მომხმარებელს შენი პროდუქტისთვის. ეძებე პროდუქტი შენი მომხმარებლისთვის»
სეთ გოდინი
ყველა იმ აქტივობებს შორის, რაც ბიზნესის წამოწყებისთვის არის აუცილებელი, მარკეტინგი ერთ - ერთი ყველაზე კომპლექსური დარგია. ხშირად მარკეტინგში მხოლოდ რეკლამას და პროდუქტის თუ კომპანიის ცნობადობის ზრდას მოიაზრებენ, თუმცა ის ბევრად მეტ განხრას მოიცავს, რადგან კვლევის ობიექტი არის სამომხმარებლო ბაზარი, საბაზრო ტენდენციები, კომპანიის შანსები და რისკები, კონკურენტები და რაც ყველაზე მთავარია თავად მომხმარებელი, მისი ფსიქო ტიპის ანალიზი, მისი სამომხმარებლო ქცევა, მოლოდინები და სურვილები თქვენს პროდუქტთან მიმართებაში. ამ ყველაფრის ანალიზი კი ხანგრძლივ, დაკვირვებულ, კონცენტრირებულ, კომპლექსურ და ორგანიზებულ მიდგომებს საჭიროებს, რისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი ბევრ დამწყებ ან თუნდაც არსებულ ბიზნესს არ აქვს. ამას ემატება ნებისყოფის და მოტივაციის სისუსტეც, რადგან ხშირად ამგვარი კვლევების მონაცემები თუ მიღებული შედეგები არაზუსტია და საკუთარი ალღოს ან ვარაუდებს ეფუძნება. ესაა მიზეზი, რატომაც ვაწყდებით ხშირად უამრავ ბიზნესს კვალიფიციური კადრებით, დამაკმაყოფილებელი საწარმოო საშუალებებით და კარგი ხარისხის პროდუქტით, თუმცა სუსტი მარკეტინგით და შესაბამისად არა საკმარისად ძლიერი გაყიდვებით. ანუ წარუმატებლობა მოაქვს ბაზარსა და პროდუქტს შორის კავშირის ვერ პოვნას.
მარკეტინგი ბევრს მხოლოდ მსხვილი კომპანიების ფუფუნება ჰგონია, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებით, ძვირადღირებული რეკლამით ან მარკეტინგის გამოცდილი სპეციალისტის ჩართულობით, რაც არასწორი შეხედულებაა. მარკეტინგის კეთება შრომატევადი საქმეა, თუმცა არა დაუძლეველი ან კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული. ყველაფერი კი იწყება მარკეტინგული კონცეფციის შედგენით.
პირველი ნაბიჯია სიტუაციის ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზრის მიმოხილვას და ბაზართან მიმართებაში საკუთარი ბიზნესის შესაძლებლობების გამორკვევას.
ბაზრის მიმოხილვის აუცილებელი წინაპირობაა სამომხმარებლო სეგმენტის განსაზღვრა, თუ ვისთვის კეთდება პროდუქტი. თქვენ უნდა წარმოიდგინოთ თქვენი მომხმარებლის ხატი განზოგადებული ერთ პერსონაში და დაახასიათოთ ის მაქსიმალურად დეტალურად გეოგრაფიული, დემოგრაფიული, სოციალური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური თუ ქცევის კრიტერიუმების მიხედვით.
შემდეგ მოდის ე.წ. პესტელის ანალიზი (PESTEL), რაც ნიშნავს იმ გარემოს ეკონომიკურ, სოციალურ - კულტურულ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ, ეკონომიურ და სამართლებრივ ანალიზს (საბაზრო ტრენდების ანალიზი) ახლა და სამომავლო პერსპექტივაში, რომელ გარემოშიც ბიზნესის წამოწყებას აპირებთ ან ბიზნეს საქმიანობას ეწევით და ამ ყველაფერთან მიმართებაში საკუთარი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების და შანსების და რისკების შეფასებას.
ამას მოსდევს კონკურენტების ანალიზი. გააანალიზეთ მხოლოდ ის კონკურენტები, რომელიც იმავე სამომხმარებლო სეგმენტს ემსახურებიან, რომელსაც თქვენ.
შემდეგი სვლა ეთმობა კომპანიის პოზიციონირების საკითხს: რა ადგილი გიკავიათ მომხმარებლის თვალში კონკურენტებთან მიმართებაში. როგორია ან როგორი გსურთ იყოს თქვენი კორპორატიული იმიჯი, გარეგნული იერსახე. დიფერენცირების რა სტრატეგიებს ამჯობინებთ, გსურთ დიფერენცირება პროდუქტის, ფასის, დისტრიბუციის თუ კომუნიკაციის დონეზე.
თანამედროვე გაჯერებულ ბაზარზე კომპანიები უფრო და უფრო ხშირად გამოირჩევიან ერთმანეთისგან მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე, რადგან პროდუქტების, ფასის თუ დისტრიბუციის დონეზე გამორჩევა დიდ უპირატესობას არ აძლევს მათ. ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება შეღავათიანი პირობებით და მოთხოვნადი სადისტრიბუციო არხებით უკვე ისედაც აუცილებელი მინიმუმია ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად. კომუნიკაციის დონეზე კრეატიულობას კი საზღვარი არ აქვს.
ყველაზე ეფექტურად კომპანიას კომუნიკაცია გამოსდის მაშინ, თუ ის ბრენდის შენებით არის დაკავებული.
«ბრენდი ეს არის ემოციური კავშირი შენსა და შენს მომხმარებელს შორის».
მარტინ ლინდსტრომი
რაც უფრო მძაფრია და დადებითია ემოცია, მით უფრო მძაფრია მომხმარებლის ინტერესი და ლოიალურობა კომპანიის პროდუქტების მიმართ. ემოცია გვიბიძგებს ყიდვის ქმედებისკენ.
«ადამიანები არ ყიდულობენ ლოგიკური მიზეზით, ისინი ყიდულობენ ემოციური მიზეზით».
ზიგ ზიგლერი
ამიტომ მნიშვნელოვანია, რა დაპირებაზე და ღირებულებებზე ააგებთ ბრენდის ამბავს და რა ფორმით მოუთხრობთ ამ ამბავს მომხმარებელს. Apple გვიამბობს, როგორ ვიყოთ გამორჩეული და ინოვაციური (Think different), Nike გვამხნევებს, გამოვხატოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები კომპლექსების გარეშე (Just do it), Mercedes მოგვიწოდებს, ვიყოთ ამბიციური, გვინდოდეს ან მხოლოდ საუკეთესო საკუთარი თავისთვის, ან არაფერი (The best or nothing).
«ფასეულობების კონკურენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასების კონკურენცია».
მირიამ ჰაუსერი
ბრენდის ჩამოყალიბებისას გვერდს ვერ ავუვლით ბრენდინგის ელემენტებს (ლოგო, სლოგანი, კორპორატიული ფერი, სტილი, შეფუთვა და სხვა) რომელთა დახმარებითაც ბრენდი ამოცნობადი ხდება მომხმარებლის თვალში.
ბრენდი მომხმარებელთან მუდმივად ხაზზეა საკუთარ სეგმენტზე მორგებული კონტენტით.
წარმატებული კონტენტ მარკეტინგი არის ბრენდის ამბის მიტანა შერჩეული აუდიტორიისთვის სწორ დროს და სწორი ფორმით.
«სათაურებით ვიზიდავთ მომხმარებელს, ინფორმაციით კი ვინარჩუნებთ მათ».
ალფრედ ჰარმსვორტი
სწორი კონტენტ მარკეტინგი ხელს უწყობს კომპანიისა და ბრენდის პოზიტიურად წარმოჩენას, საძიებო სისტემებში კომპანიის სოციალური ქსელების ცნობადობის ზრდას და ნახვების თვალსაზრისით პოტენციური კლიენტების მოძიებას. აქაც არაა აუცილებელი გყავდეთ მარკეტინგის სპეციალისტი, ან კოპირაითერი, რომელიც თქვენს კონტენტზე იზრუნებს, თუ ამის რესურსი კომპანიას არ აქვს. შეგიძლიათ თავად მოირგოთ ეს პროფესია და მომხმარებლებს შესთავაზოთ მათ ინტერესებზე და ცნობისმოყვარეობაზე მორგებული თემები სტატიების, რელევანტური ვიდეოების, ვიდეო მასტერკლასების, დოკუმენტური მასალების, დარგის ცნობილი კვლევების ანალიზის, ბლოგების, სთორების ან მომხმარებლების გამოცდილებების გაზიარების სახით.
კონტენტის გავრცელების ერთ - ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სოციალური მედიის გამოყენება, როგორიცაა: Facebook, LinkedIn, Twitter, Instagram, TikTok , ვებ გვერდი და სხვა. აქაც არ არის სავალდებულო სოციალური მედია მენეჯერის დასაქმება, თუ კომპანიას მოკრძალებული შემოსავლები აქვს საწყის ეტაპზე. მისი ფუნქციის შეთავსება თავადაც შეგეძლებათ, თუ არ დაიზარებთ და სოციალური მედიის საბაზისო ინფორმაციას შეისწავლით, როგორ მართოთ თქვენი სოციალური პლატფორმები, როგორ განათავსოთ რეკლამა, როგორ აკონტროლოთ გვერდის მონაცემები და სტატისტიკები და როგორ გაზომოთ მიღებული შედეგები.
თუ თვლით რომ ამდენი მიმართულებით ინფორმაციის შეგროვება და შემდეგ მათი ანალიზი საკმაოდ შრომატევადი საქმეა, არ სცდებით. ამიტომ მოითხოვს ბიზნესი თქვენს სრულ კონცენტრაციას და არა ბიზნესის მიღმა რამდენიმე პარალელურ საქმიანობაში თქვენს ჩართულობას, რაც საკმაოდ ხშირია ჩვენს რეალობაში. ეს ზოგჯერ ფინასური მიზეზებითაა განპირობებული, რადგან საკუთარი ბიზნესი ზოგჯერ არასაკმარისი შემოსავლების გენერირებას ახდენს პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ზოგჯერ სამსახურეობრივი ვალდებულებებით, რომელიც საკუთარ ბიზნესთან განმარტოების საშუალებას არ გაძლევთ. მდგომარეობას ართულებს შესაბამისი ბიზნეს განათლების და გამოცდილების დეფიციტიც, თუმცა აქ ყოველთვის არსებობს მარტივი გამოსავალი უამრავი ხელმისაწვდომი კურსის და კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების სახით. ასე რომ მთავარია ბიზნესის სწორად კეთების სურვილი და მარკეტინგი დაძლევადია!
* სეთ გოდინი - ამერიკელი ავტორი და მეწარმე
* მარტინ ლინდსტრომი - დანიელი ავტორი
* ზიგ ზიგლერი - ამერიკელი ავტორი და სპიკერი
* მირიამ ჰაუსერი - შვეიცარიელი მარკეტინგის პროფესორი
* ალფრედ ჰარმსვორტი - ბრიტანელი გამომცემელი და მაგნატი