რატომ გაძვირდა მედიკამენტები - ასოციაცია მიზეზებს განმარტავს
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია მედიკამენტებზე ფასების ზრდის ორ მიზეზს ასახელებს, მათ შორისაა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა.
„მედიკამენტების 90% იმპორტირებულია და მათი შეძენა ხდება უცხოურ ვალუტაში. ამას ემატება გაძვირებული ტრანსპორტირება. პანდემიის გამო საკმაოდ შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებები. ეს ორი ფაქტორი მოქმედებს ძირითადად სამკურნალო საშუალებების ღირებულებაზე. თუმცა, დისტრიბუტორები მაქსიმალურად ცდილობენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე ფასები შეინარჩუნონ, ან მცირედით გაზარდონ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ფასდაკლების დღეებში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასნამატი საერთოდ არ არის,“ - განმარტა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მედიკამენტების დეფიციტი ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის.
„დღესდღეობით დეფიციტი მედიკამენტებზე არ არის. ყველაზე მძიმე მკაცრი კარანტინის პერიოდშიც კი არ ყოფილა ეს პრობლემა. რაც შეეხება ფასების მატებას. გაძვირებას აღარ ველოდებით. რაც უფრო მეტად გაიხსნება საზღვრები და ტრანსპორტირების ხარჯები შეგვიმცირდება, მედიკამენტების ფასები შემცირდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დაახლოებით 100%-ით გაუფასურდა. ამ ლოგიკით მედიკამენტების ფასები უნდა გაორმაგებულიყო, თუმცა თუ საშუალო ფასს ავიღებთ მედიკამენტები ამ პერიოდში დაახლოებით 50-60%-ით გაძვირდა,“ - განმარტა ირაკლი მარგველაშვილმა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიკამენტები 57-110%-ით არის გაძვირებული. "საქსტატის" მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2020 წლების დიაპაზონში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 110.9%-ით გაძვირდა, ანტიბიოტიკები 79.5%-ით, ვიტამინები 67.6%-ით, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 57.5%-ით, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი 60.7%-ით.
სამკურნალო საშუალებებზე ფასები ბოლო ერთ წელშიც გაიზარდა.