ბიზნესი
23/07/2021

რას უპირებს მთავრობა საპარტნიორო ფონდს და რას ფიქრობენ მომავალ რეფორმაზე ეკონომისტები

მთავრობის მიერ საპარტნიორო ფონდის დაგეგმილ რეფორმას PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა სკეპტიკურად უყურებს. როგორც კუკავა განმარტავს, ხშირად ფორმა იცვლება იმისათვის, რომ შინაარსი იგივე დარჩეს.

„საპარტნიორო ფონდი" არის გადასახადების გადამხდელების ფული. პირველ რიგში აუცილებელია, რომ საპარტნიორო ფონდის პროექტების ფინანსური ანგარიშები იყოს გამჭირვალე და იძლეოდეს ამომწურავ პასუხებს, იმ კითხვების დიდ უმრავლესობაზე რომელიც პროფესიონალ ფინანისტს ან ეკონომისტს უჩნდება.

ჩემთვის როგორც პროფესიონალისათვის ამ ანგარიშებს იმაზე გაცილებით ნაკლები ღირებულება აქვს, რაც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა ფონდის ანგარიშებიდან ათიდან მინიმუმ შვიდ კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი იმისათვის, რომ შევძლოთ ხარჯთსარგებლის ანალიზის გაკეთება. უნდა ვიცოდეთ რა სიკეთე მოიტანა პროექტებმა, რომელიც საპარტნიორო ფონდმა განახორციელა და რაიყო მათი ალტერნატივა.

მაგალითად, როცა გვეუბნებიან, რომ გარდაბანში თბოელექტროსადგური გაკეთდა - კი ეს კარგია, მაგრამ იქნებ ამ ფულის უფრო მომგებიან პროექტში ინვესტირება შეიძლებოდა. ძალიან ძვირი გვიჯდება "საპარტნიორო ფონდის" პროექტები და აუცილებელია ვიცოდეთ რა კრიტერიუმებით ხდება ამ პროექტების შერჩევა“, - აცხადებს კუკავა.

მისივე თქმით, "საპარტნიორო ფონდის" სრულად გაუქმებაც არის ერთგვარი ალტერნატივა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდა-შეცდომის მეთოდით სიარული ჯობს.

კუკავას თქმით, ორი მთავარი კითხვა ჩნდება საპარტნიორო ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით: პირველი, გვექნება თუ არა საკმარისი ინფორმაცია იმის გასარკვევად, რამდენად აქვს საპარტნიორო ფონდის პროექტებს ბიზნესაზრი, მაგალითად "საპარტნიორო ფონდს" რომ არ ეარსება, თანაინვესტირების ფონდი დათანხმდებოდა პროექტებში თანამონაწილეობის იმავე ზღვარს? და მეორე, გვეცოდინება თუ არა რა არის საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობის, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულის ალტერნატიული ღირებულება.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებს შორის, რომელიც რეფორმირებასა და კორპორატიზაციას დაექვემდებარება.

Businesspartner