რას სთავაზობს "აჭარა ჯგუფის" აკადემია კულინარიის შესწავლის მსურველებს
„აჭარა ჯგუფის“კულინარიის სკოლაში პრაქტიკული სწავლება 22 მარტიდან განახლდა. აკადემიაში კოვიდ-რეგულაციების გამო 2020 წლის ბოლოდან შეჩერებული იყო კულინარიის სკოლის პირველი ნაკადის სტუდენტების პრაქტიკული სწავლება.
„ამ პერიოდის განმავლობაში, სტუდენტებს ვთავაზობდით დამატებით აქტივობებს რეგულაციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ გამოიცა „აჭარა ჯგუფის“ აკადემიის კულინარიის სკოლის სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა სფეროს ექსპერტებთან კოლაბორაციით. სახელმძღვანელო მოიცავს თეორიულ მასალას, რომლის ცოდნაც აუცილებელია მაღალკვალიფიციური კულინარებისათვის.
31 სტუდენტი პრაქტიკას გადის „რუმს თბილისის“, „ლოლიტას“ და „სტამბას“ სამზარეულოებში, რამდენიმე კვირაში შემოგვემატება „რუმს ყაზბეგის“ ობიექტიც. სწავლება დაგეგმილია 19 სასწავლო კვირის მანძილზე. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უკუკავშირს როგორც მენტორებისგან, ისე სტუდენტებისგან წინასწარი შედეგების შეფასების ფორმების მეშვეობით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ სწავლების პროცესის დინამიკას. კულინარიის სკოლის მენტორები არიან „აჭარა ჯგუფის“ მოქმედი მზარეულები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი გადამზადება", – აღნიშნავენ „აჭარა ჯგუფში“ "ბიზნესპარტნიორთან".
ჰოლდინგში აცხადებენ, რომ სამომავლოდ, კულინარიის აკადემიის პროექტის ფორმატი, შესაძლოა, შეიცვალოს, რაც გულისხმობს მეტი ინოვაციური სწავლა-სწავლების ელემენტების შეტანას სასწავლო პროცესში. დაინტერესებულ აუდიტორიას კულინარიის სკოლის გეგმებს აკადემია ახლო მომავალში გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ "აჭარა ჯგუფის" კულინარიის აკადემიაში სრული კურსის გავლის ღირებულება 5000 ლარია, თუმცა როგორც აჭარა ჯგუფში აცხადებენ, კომპანია და სხვა სპონსორები ერთობლივად, თითოეული სტუდენტის სწავლის საფასურს ნაწილობრივ, 1100 ლარით დააფინანსებენ, შესაბამისად, სტუდენტის გადასახდელი თანხა 3900 ლარი იქნება.
ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადახდა 7 ეტაპად იქნება შესაძლებელი.
I ეტაპი – 1000 ლარი, II ეტაპი – 800 ლარი, III ეტაპი – 600 ლარი, IV ეტაპი – 400 ლარი, V ეტაპი – 400 ლარი, VI ეტაპი – 400 ლარი და VII ეტაპი – 300 ლარი.