რამდენი დაიხარჯება და როდის დასრულდება რკინიგზის განახლება
რკინიგზის სრულად განახლება ერთ წელში დასრულდება. პრემიერის თქმით, განახლებაზე 260 მლნ ლარი დაიხარჯება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ რკინიგზის მონაკვეთები მძიმე მდგომარეობაში იყო, გასარემონტებელი იყო რკინიგზის სადგურები, სამუშაოები კი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.
"შედეგად, გვექნება განახლებული რკინიგზის სადგურები და ის სარკინიგზო მონაკვეთები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს გამტარუნარიანობას და კიდევ უფრო კომფორტული გახდება გადაადგილება ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კოპიტნარის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მისვლა 5 წუთში იქნება შესაძლებელი და მგზავრები შეძლებენ მატარებლით ჩამოსვლას და შემდეგ თვითმფრინავით გაფრენას ევროპის მიმართულებით, რაც ძალიან კომფორტულია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება კოპიტნარის პროექტს, რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მგზავრებს რკინიგზასა და ქუთაისის საერთშორისო აეროპორტს შორის ე.წ. შატლები გადაიყვანენ. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. ხიდზე დამონტაჟებულია სამი ლიფტი, რომელიც ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.