რაჭული სოჭის პლანტაციები დანიაში - გირჩის ექსპორტიორები არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ
დანია, გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი - ეს არასრული ჩამონათვალაი იმ ქვეყნების, რომლებიც რაჭული სოჭით ინტერესდებიან.
ნედლი გირჩის ექსპორტს საქართველო ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე ახორციელებს, თუმცა ქართული კომპანიები პრობლემებზე საუბრობენ, რაც მათ საქმიანობას აფერხებს. კომპანია Fair trees-ის პროექტების დაგეგმვის და განვითარების მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილი შიდა ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე საუბრობს.
"2020 წლის სექტემბერში აუქციონი გამოცხადაა. სამწუხაროდ, ეს აუქციონი ცუდი შედეგით დასრულდა, რამაც დააზარალა არა მარტო ცალკეული კომპანიები, არამედ ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ლიცენზია გაიყიდა. ამას კი რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. საქართველოში ნედლი გირჩის შეგროვება, შემდეგ უკვე ექსპორტზე გატანა და ყველა ის ასპექტი, რაც დაკავშირებულია გირჩთან და სოჭის ხესთან, მონოპოლიურია. ერთ-ერთ კომპანიას, რომელზეც გაიყიდა ლიცენზია, იმდენი გირჩი გააქვს ექსპორტზე, რაც სრულად უდრის ევროპის ბაზარს. შესაძლოა, ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ გაიყიდა ლიცენზიები წელს. ამასთან, დანიაში პლანტაციები უკვე მსხმოიარეა, შესაბამსიად, დიდი რისკია იმის, რომ საქართველოს ბაზარი გირჩის კრეფისთვის აღარ იყოს მათთვის საინტერესო. ვგულისხმობ იმას, რომ დანიაში უკვე გააშენეს ნაძვის ხის პლანტანციები, რომელიც საქართველოდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებელი,“ - ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.
ცნობისთვის, გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში უკვე დასრულდა. საუბარია, დაახლოებით 300 ტონა ნედლ გირჩზე. წლევანდელი მოსავალი, განსაკუთრებული მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლით გამოირჩევა. ყოველწლიურად, საქართველოდან 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ევროპაში, ნაძვების 90% რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებული. ევროპული ბაზარი დაინტერესებულია არა მარტო ფესვიანი ნერგის შესყიდვით, არამედ საშობაო მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე ხდება დარგული და მოჭრილი ხეების დისტრიბუციაც.