რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც "რიყის დოქები" იყიდა
ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, "რიყის დოქებს" მფლობელი გამოუჩნდა. აუქციონზე ცნობილი ობიექტი 10.02 მლნ ლარად, ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის მფლობელი კომპანიაა
ობიექტის გაყიდვისთანავე კომპანიის წარმომავლობასა და მფლობელთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი.
კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.
როგორც ცნობილია, დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ისტორიული ხმალი აჩუქა, Stopcov ფონდში კი 1.2 მლნ ლარი ჩარიცხა. მისი სახელი ასევე ფიგურირებს კარტოგრაფების გახმაურებულ საქმეშიც.
ინვესტორი აუქციონის პირობების მიხედვით, ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმს მოაწყობს და 20 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს.
აუქციონის პირობები კომპანიას ავალდებულებს ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმის, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეების 36 თვეში მოწყობას.
"ეს იქნება დავით ხიდაშელის ოჯახის სოციალური ინვესტიცია საქართველოს დედაქალაქის კულტურულ და შემეცნებით - საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, აიტი აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი. ეს იქნება ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ამ სივრცეების დამთვალიერებს შეუქმნის წარმოადგენას საქართველოზე, როგორც მდიდარი ისტორიისა და არანაკლებ შთამბეჭდავი მომავლის შესახებ“ , - ავრცელებს ინფორმაციას ipn-ი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.