ბიზნესი
21/04/2023

რა შეცვალა 40-საათიანი სამუშაო კვირის დაწესებამ სარესტორნო ბიზნესში

40-საათიანი სამუშაო კვირის ამოქმედების შედეგად სარესტორნო ბიზნესის ნაწილს ხარჯები 10-20%-ით გაეზარდა. ამან კი გარკვეულ სეგმენტში სერვისზე ფასების ზრდაც გამოიწვია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება იმ დაწესებულებებს, რომლებსაც რეგულაციამდე კვირაში 40 საათზე ხანგრძლივი სამუშაო კვირა ჰქონდათ. ბურჯანაძე ამბობს იმასაც, რომ ისეთი რესტორნების წილი, რომლებიც 8-საათიანი სამუშაო დღის პრინციპით რეგულაციის ამოქმედებამდე მუშაობდნენ, მაღალი არაა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალ რეგულაციაზე გადაწყობის პროცესი. იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც მანამდეც 8-საათიანი სამუშაო დღის პრინციპით მუშაობდნენ, არანაირი პრობლემა არ შექმნილა. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, ეს რეგულაცია ყველა ბიზნესსუბიექტისთვის პოზიტიური ცვლილებაა, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კვირაში 40 საათზე დიდხანს მუშაობა ადამიანის გადაღლას და მისი პროდუქტიულობის გაუარესებას იწვევს, ეს კი საბოლოო ჯამში ბიზნესსაც აზარალებს.

დასვენებული, ენერგიული, შრომისუნარიანი და მომხმარებლების მიმართ კეთილგანწყობილი კადრი ბიზნესის წარმატებასაც ნიშნავს.

რაც შეეხება ფასებს, იმ დაწესებულებების ნაწილს, რომლებიც არ იყო აწყობილი 40-საათიან სამუშაო კვირაზე, გარკვეულ სეგმენტში - იქ, სადაც ეს შესაძლებელი იყო და არ გამოიწვევდა მომხმარებლის დაკარგვას, მოუწია ფასების ზრდა, რადგან მას ხარჯები გაეზარდა. ქართული ტრადიციული პროფილის რესტორნებში, როგორც წესი, მუშაობის დასრულების დრო არაა ფიქსირებული, ამიტომ იქ ცვლებში პერსონალის დამატება გახდა საჭირო,“ - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება იმას, გამოიწვია თუ არა რეგულაციამ ხელფასების შემცირება, ბურჯანაძე განმარტავს, რომ ეს მხარეების შეთანხმების საფუძველზე ხდება - ახალი რეგულაცია იძლევა საშუალებას, დასაქმებულისა და დამსაქმებლის შეთანხმების საფუძველზე, თანამშრომელმა კვირაში 48 საათი იმუშაოს, რაშიც ის დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა კვირაში სამუშაო საათების „ჭერი“ კანონით 60 საათია.

ბურჯანაძის თქმით, შრომის ინსპექცია სარესტორნო ბიზნესთან თანამშრომლობს, არაა ჩასაფრებულის პოზიციაში და ახალი რეგულაციის დანერგვაში ეხმარება.

თავად შრომის ინსპექციის ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების პირველი სამი თვე ჯარიმები არ მოქმედებს, უწყების წარმომადგენლები ბიზნესს რეგულაციის დანერგვაში ეხმარებიან და რეკომენდაციებს აძლევენ.

ცნობისთვის: პირველი იანვრიდან, მთავრობის დადგენილებით, სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი, რომელთათვისაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო, გადაიხედა და მასში აღარ შედის ისეთი საქმიანობები როგორიც არის მშენებლობა, სასტუმროები, ფეხსაცმლის,ტყავის წარმოება, ქაღალდის მრეწველობა. შესაბამისად, მათთვის სამუშაო კვირა 40 საათით განისაზღვრა.

შრომის ინსპექციას დარღვევის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს როგორც გაფრთხილების, ასევე დაჯარიმების და სამუშაო პროცესის შეჩერების შესაბამისი მექანიზმები, თუმცა, უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაზე იმედს გამოთქვამს, რომ ამ ზომების მიღება საჭირო არ გახდება.

 

Businesspartner