რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ მწარმოებლებს შუა აზიის 100 მლნ-იან ბაზარზე
„მივმართავდი ჩვენს მწარმოებლებს, რომ შეხედონ შუა აზიას, როგორც 100 მილიონიან ბაზარს და მეტად გაეცნონ მის საჭიროებას“, - საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა შუა აზიის ქვეყნების მიმზიდველობაზე „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ისაუბრა.
გიორგი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ შუა აზიის ქვეყნების ათვისება არის კარგი შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, თუმცა ამისათვის პროდუქციის სათანადო ფორმით და რაოდენობით მიწოდებაა საჭირო.
„მინერალური წყლები, ღვინო და მსგავსი პროდუქტები, რომელიც უკვე დაფასოებული და მარკეტინგული პროდუქტებია თავის გასაღების არეალს მეტ-ნაკლებად კარგად მოძებიან შუა აზიაში. ყაზახეთი თუ არის 18 მილიონიანი ქვეყანა, მას გვერდით ჰყავს უზბეკეთი, რომელიც 40 მილიონიანია. ჯამში, შუა აზიის ქვეყნები არის 100 მილიონიანი ბაზარი, სადაც მოთხოვნები არ არის დასავლეთის ქვეყნების მსგავსი და თითქმის თანაბარია იმ მოთხოვნებისა, რაც არის რუსეთსა და უკრაინაში. ეს არის რეკომედაცია“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.
საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსული იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც ქართული ექსპორტისთვის არის დამახასიათებელი: დიდი პრობლემაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტში, არ არის პროდუქცია დაფასოებული, რომ ადვილად მოხდეს მისი დისტრიბუციაში გაშვება, ან უკვე კარგად დაფასოებულის შემთხვევაში არ არის საკმარისი რაოდენობა.
მისი თქმით, მწარმოებელი რომელიც ფიქრობს მაგალითად ყაზახეთში პროდუქციის გატანას უნდა შეისწავლოს ეს ქვეყენა და მისი საჭიროებები.