ბიზნესი
27/07/2022

რა შესაძლებლობები აქვთ ქართულ კომპანიებს EU-ს ტენდერებში მონაწილეობისთვის

ევროკავშირის ბაზარზე, წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პირველ ეტაპზე ქართული კომპანიები პროდუქციას წარადგენენ. 

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, მაგალითად შეიძლება საუბარი იყოს თაფლზე, ჩაიზე, ხილზე, ჩირზე, მინერალურ წყალზე. 

"პირველ ეტაპზე ბაზრის გახნსა მოხდა საქონელთან დაკავშირებულ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის. ვფიქრობ, ქართველი მეწარმეები მზად აღმოჩნდებიან, თანაბარ პირობებში შეძლონ კონკურენციის ღირსეულად გაწევა. 

პირველ ეტაპზე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლებების მიერ გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებს, მხოლოდ საქონელთან დაკავშირებით. მეორე ეტაპზე, გააჩნია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკას, მოხდება უკვე მომსახურებასთან და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული კომპანიების შესვლა ბაზარზე. ევროპულ ბაზარზე ქართული კომპანიების სრული შეღწევადობა მოხდება. ეს კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების გაძლიერებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა ზაზა ნანობაშვილმა. 

მისი ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქართული კომპანიები ევროპულ ბაზარზე გავიდნენ, მათ ბეგრაუნდში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მოეთხოვებათ. 

"ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 200 000-მდე აქტიური ბიზნესია რეგისტრირებული, მათგან სახელმწიფო შესყიდვებში 51 000 არის მიმწოდებელი. კონკურენციაა სამშენებლო სამუშაოებში.  თუმცა არ არის სავალდებულო, ადგილობრივ ტენდერებში იყვნენ კომპანიები წარმოდგენილები. შეიძლება დღეს ახალი კომპანია დარეგისტრირდეს და მან მიიღოს ევროპულ ტენდერებში მონაწილეობა", - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში. 

ინფორმაციისთვის, ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ყოველწლიურად 250 000-მდე სუბიექტი , მათ შორის მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო და კომპანია დაახლოებით, 2 ტრილიონი ევროს მოცულობის საქონლის, მომსახურებისა და სერვისის შესყიდვას ახორციელებს.