ბიზნესი
21/12/2021

რა შემთხვევაში დადგება ქვეყნიდან კაპიტალის გატანის რისკი - დეველოპერული სექტორის 2021 წელი

“საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ეს წელი წინა ორი წლისგან განსხვავებით პოზიტიური იყო.

„საქართველოში უძრავ ქონებაზე, ბინასა და უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა, საზოგადოებაში მისი შეძენის  შესაძლებლობა არ არსებობს. 2019 წელს ეროვნული ბანკის გაუაზრებელმა ნაბიჯმა ქვეყანაში იპოთეკური სესხების გაცემა შეაფერხა,2020 წელს ე.წ ლოქდაუნის გამო  ყველაფერი ჩაკეტილი იყო,ტრანსპორტი არ მუშაობდა, გაჩერებული იყო მშენებლობები, შესაბამისად,დაინტერესებული პირები ვერ ყიდულობდნენ უძრავ ქონებას. სწორედ ეს სურვილი რეალიზდა 2021 წელს, შესაბამისად, გაყიდვები გააქტიურდა,“-აცხადებს როსტომაშვილი.  

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მოლიდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ეკონომიკის შანსი უცხოური ინვესტიციებია. შესაბამისად, თუ 2022 წელს სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში არ შემოვიდა უცხოური კაპიტალი, ქვეყანა ძალიან ცუდი რეალობის წინაშე დადგება. როსტომაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა დადგეს კაპიტალის ქვეყნის ფარგლებს გატანის რისკიც.

სამწუხაროდ, 2021 წელს ჩვენს სფეროში უცხოური ინვესტიციები არ შემოსულა. თუმცა, ამას მხოლოდ კომპანიების აქტივობა არ შველის. ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან აქტიური როლი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკაა. როდესაც რომელიმე ქვეყნის ინვესტორი საქართველოში ფულის ჩადებით ინტერესდება,ურეკავს თავისი ქვეყნის საელჩოს, ეკონომიკურ ატაშეს და აზრს ეკითხება.

ჩვენს შემთხვევაში პირველივე ზარის შემდეგ წყდება ხოლმე ინვესტიციაზე ფიქრი. როგორ გგონიათ, ელჩი თუ ეკონომიკური ატაშე არ ეუბნება, რომ აქ სასამართლო არ არის? როდესაც ინვესტორები მოდიან, მაშინ ვალუტა შემოდის და ლარი მყარდება. ახლა ჩვენი ლარი დამოკიდებულია  ჩვენს ემიგრანტებზე, ევროპაში ოჯახს რომ უვლიან და ფულს აგზავიან ზუსტად მათზე, ამ დონეზე ვართ“-აცხადებს როსტომაშვილი.

TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, ნოემბრის თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და 2019 წელთან შედარებით, 34% შეადგინა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ 299 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდ. 1.4%-იანი ზრდა კი, საქსტატის ახსნით ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ დოლარით (23.2%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ დოლარით (18.3%).