ბიზნესი
17/08/2020

რა შეღავათებით ისარგებლებენ ავტოიმპორტიორები - ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით დაზარალებულ ავტოიმპორტიორებს ფინანსთა სამინისტრო შეღავათებს სთავაზობს.

სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც ავტომობილების ტრანსპორტირების პერიოდი ხშირ შემთხვევაში, აღემატება 1 თვეს, პანდემიის საწყის ეტაპზე ავტო- იმპორტიორებისთვის შეუძლებელი იყო პანდემიით გამოწვეული რისკების სრულად შეფასება.

"მიმდინარე წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაუვადდათ. გადავადებით ისარგებლა 38,000-მდე ავტომობილის მფლობელმა პირმა და გადავადებული გადასახადის ოდენობამ შეადგინა 50 მლნ ლარი.

მეორე ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა საგადასახადო შეღავათის არეალი. კერძოდ, იმის გამო, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილების იმპორტი, რომელიც შეძენილი იყო პანდემიამდე არსებულ პერიოდში, ვერ განხორციელდა მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადაც, ასევე, 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის აგვისტოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათის არეალის კიდევ ერთხელ გაფართოებასთან დაკავშირებით.

ამჯერად, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოიცავს პანდემიამდე შეძენილ ავტომობილებს, გახანგრძლივდა 2021 წლის პირველ მარტამდე.

სულ, აღნიშნული გადავადებით შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს 24,000-ზე მეტმა ავტომობილის მფლობელმა პირმა, გადავადებული გადასახადის ოდენობა 35 მლნ ლარია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთათვისაც პანდემიის დაწყებამდე, შეუძლებელი იყო არსებული რისკების სრულად შეფასება და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები.