ბიზნესი
08/02/2023

რა ეღირება ოქრო მიმდინარე წელს - მოლოდინები

ოქროს ფასი, რომელიც სენსიტიური აღმოჩნდა როგორც პანდემიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, კლებას იწყებს. თუ 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის სტარტის დროს, 1 უნცია ოქროს ღირებულება  1400 დოლარიდან 2400 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ასევე 2000 დოლარს გადასცა, ამჟამად, დაახლოებით 1878 დოლარს შეადგენს.

„საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ბოლო რამდენიმე დღეა მერყეობს და უმეტესად,  კლების ტენდენციით ხასიათდება. რამდენიმე დღის წინ ის 1870 დოლარამდე ჩამოვიდა, როცა გასულ კვირას 1900 დოლარზე მეტიც კი ღირდა“, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას  Galt & Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი რატი მესხიშვილი.

ის 2023 წლის პროგნოზებსაც აკეთებს და ამბობს, რომ წლის განმავლობაში ოქროზე ფასის ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

„სავარაუდოდ, ოქროს ფასი 1840-1850 დოლარს არ ჩამოსცდება. შესაძლოა, ამ ნიშნულზე დასტაბილურდეს. თუმცა, მაინც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის ფედერალურ რეზერვი. თუ მან საპროცენტო განაკვეთები დაწია, მაშინ შესაძლოა ოქროს ღირებულება ისევ 1900 დოლარამდე ავიდეს, თუმცა ფასების დრამატულ ზრდას არ ველოდებით“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე სამხარაძის განმარტებით, 2023 წელთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არსებობს.

"ვფიქრობთ, რომ რეალიზაციის და მოთხოვნის კუთხით გაცილებით კარგი წელი იქნება, ვიდრე იყო 2022 წელი. რაც შეეხება ფასებს, მიგვაჩნია, რომ წელს 1 უნცია ოქროს ღირებულება 1800 დოლარზე მეტად არ გაიაფდება, თუმცა არც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდება, რის გამოც, არც ჩვენ მოგვიწევს ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდა“, - განუმარტა „ბიზნესპარტნიორს" თორნიკე სამხარაძემ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად, 1 გრამი ოქრო  166-167 ლარი ღირს, მაშინ როცა პანდემიამდე მისი ფასი 138-139 ლარი იყო.

„ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ოქრო საქართველოში მაინც რჩება ინვესტირებისთვის საინტერესო აქტივად  და ამაზე მიუთითებს ოქროს ნაკეთობებზე გაზრდილი მოთხოვნაც. მაგალითად, „ზარაფხანას“ მაგალითზე, 2022 წლის განმავლობაში ოქროს ნაკეთობების გაყიდვები, დაახლოებით, 25 პროცენტით გაიზარდა.