ბიზნესი
08/11/2022

რა აფერხებს ქვეყანაში შოკოლადის ინდუსტრიის განვითარებას

კვალიფიციური კადრების სიმცირე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულე, სათანადოზე მაღალი ტემპერატურა სავაჭრო ქსელებში, რაც შოკოლადის გარე სახეს აზიანებს - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც შოკოლადის ქართველი მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრის და მცირე ბიზნესის მეტად დახმარების, ასევე საზოგადოების გამდიდრებისა და სოციალური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი, მსოფლიოში შოკოლადის სოლიდურ მწარმოებელთა სიას შეუერთდეს.

როგორც ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია „შოკოტელას“ დამფუძნებელი მარიამ კაპანაძე განმარტავს, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ განავითაროს ეს სფერო. „გვაქვს რესურსი, რომ გინდაც ტურისტული მხრივ, ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. რატომაც არა, შეიძლება შოკოლადის ქვეყანად იყოს საქართველო აღქმული“, - დასძინა მარიამ კაპანაძემ.

სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, „შოკოტელას“ დამფუძნებელი ყურადღებას ფინანსებზე წვდომის მნიშვნელობაზე ამახვილებს. „ვერ ვვითარდები იმ სისწრაფით, რა სისწრაფითაც მინდა რომ განვვითარდე და ბაზარზეც არის მოთხოვნა. ამაში ხელს მიშლის ფინანსების არარსებობა, იმიტომ რომ შოკოლადთან სამუშაო დანადგარები რასაც მე მოვიხმარ, არის ძალიან ძვირად ღირებული და მიწევს ასე ნელ-ნელა განვითარება“, - დასძინა მარიამ კაპანაძემ.

შოკოლადის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს კომპანია „ბარამბოს“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის მენეჯერი ივერი რუაძეც. მისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონია, რის გამოც, ხალხის მსყიდველუნარიანობა არის დაბალი. „რომ განვითარდეს ეს დარგი ძლიერად, უნდა გამდიდრდეს საზოგადოება. ბევრი მზად არ არის, რომ იყიდოს თუნდაც 2 ფილა შოკოლადიც კი, რომელიც 3 ლარზე მეტი ღირს. მას ურჩევნია რომ დაანაყროს ბავშვები და საკვები შეიძინოს“, - განმარტავს ივერი რუაძე.

შეგახსენებთ, მომავალი წლიდან, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.