ყაზბეგში წარმოებული ჩაი "მთაჩი" თბილისის ქსელურ მარკეტებში ნოემბრიდან გაიყიდება
ქართული ნატურალური ჩაი „მთაჩი“ თბილისის ქსელურ მარკეტებში ნოემბრიდან გამოჩდება.
როგორც კომპანია „მთაჩის“ ხელმძღვანელი თემო მაისურაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ყაზბეგში წარმოებული პროდუქცია ამ ეტაპზე ადგილობრივად იყიდება, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინაც. პროდუქცია ექსპორტზე პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში გადის.
კომპანია მომხმარებელს ქართული წარმოების უნიკალურ სამი სახეობის ჩაის სთავაზობს. ესენია: ბალახეული, ბეგქონდარა, ყვავილოვანი. საწარმოს წლიური წარმადობა 1 ტონის გადამუშავებაა.
როგორც მაისურაძე აცხადებს, ჩაის ნედლეულის ყველა სახეობა ყაზბეგის ალპურ ზონაში, სხვადასხვა მინერალებით მდიდარ ვულკანური წარმოშობის მთის კალთებზე იზრდება.
„შეფუთვა 50 გრამიანი და 45-55 ფინჯან ჩაის აკეთებს. ბალახეულის და ყვავილოვანი ჩაის ფასი 18 ლარია, ბეგქონდარას ღირებულება კი 20 ლარს შეადგენს,“-აცხადებს მაისურაძე.
„მთაჩის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება საწყის ეტაპზე 8 000 აშშ დოლარია.
შეგახსენებთ, „მთაჩი“ ბაზარზე 2019 წლიდანაა.