ბიზნესი
14/02/2023

პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის - რა წესები ამოქმედდება ივნისიდან

ივნისიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც პურის წარმოების სტრუქტურას, HACCP-ის სტანდარტების დანერგვას და რეკლამას შეეხება.

"2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს გარკვეულწილად საკვები პროდუქტების დამზადებას, რეგულაცია გავრცელდება პურის სექტორზეც. მართალია პური რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, თუმცა მოსაწესრიგებელია ბევრი წარმოება, შენიშვნებია დაწყებული რეკლამიდან, დამთავრებული წარმოების სტრუქტურამდე, ბევრი რამეა დასახვეწი, თუნდაც ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. მოვიდა დრო, რომ უფრო ცივილურად იყოს ყველაფერი და მომხმარებელმა იცოდეს რა არის ის, რასაც ყიდულობს,"- აცხადებს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე. 

ამასთან, "პურის მცხობელთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ პურის ფასი უახლოესი თვეების განმავლობაში სტაბილური იქნება, რასაც მარაგების არსებობა განაპირობებს, თუმცა, ზუსტი პროგნოზირება რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო რთულია.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა ნორმალურია, დაახლოებით ხორბლის 3-4 თვის მარაგი არსებობს, თუმცა წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს.

"ფქვილის ფასებმა დაიწია, თუმცა რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო ზუსტი პროგნოზირება ძნელია. რაც შეეხება იმას,  იმოქმედებს თუ არა ახალი რეგულაციები მომავალში პურის ფასსზე, ვიმედოვნებ, რომ არა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს მწარმოებლებისთვის დამატებით ხარჯებს საჭიროებს,”-ამბობს მალხაზ დოლიძე.