პროფესიული განათლება აგრომეურნეობაში - სოფლის განვითარების სააგენტო პროექტის ახალ ფაზას იწყებს
სოფლის განვითარების სააგენტო პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ახალი ფაზის დაწყებაზე აცხადებს.
პროექტის მნიშვნელობაზე საგანგებო კონფერენციაზე იმსჯელეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ორი ფაზა უკვე განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებშიც, ჩვენმა ექსტენციის სამსახურებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა მიიღეს. მესამე ფაზის განმახორციელებელი უშუალოდ სოფლის განვითარების სააგენტო იქნება. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ექსტენციის თანამშრომლების გადამზადებას, ასევე ფერმერებისთვის საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და იმ თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღალპროდუქტიულობასა და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას.
კონფერენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების გამოცდილების გაზიარებას აჭარის რესპუბლიკაში მცხოვრები ფერმერებისათვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით. მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოაწერეს.