ბიზნესი
30/12/2021

პრობლემები ლოგისტიკაში და გაძვირებული გადაზიდვები - ქუთაისის თიზ-ის 2021 წელი

ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელძღვანელი სოსო ნიბლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო საკმაოდ რთული  წელი იყო. მისი ინფორმაციით,ქუთაისის თიზ-ი მიმდინარე წელს დაუბრუნდა იმ მონაცემებს, რაც პანდემიამდე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ჰქონდა.

"რაც შეეხება კომპანიათა ოდენობას, ჩვენ აქცენტი გადავიტანეთ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ინდუსტრიულ მიმართულებაზე მუშაობენ და თიზ-ებს იმპორტ-ექსპორტისთვის ფიზიკურად იყენებენ,"-აცხადებს ნიბლაძე. 

მისივე შეფასებით, 2021 წელს განსაკუთრებული პრობლემა კომპანიების ოპერირების მხრივ შეიქმნა. როგორც ნიბლაძე  განმარატვს, როგორც წესი, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოგისტიკის ფაქტორს. შესაბამისად, ცნობილია, რომ გლობალურ ლოგისტიკაში (ჩინეთიდან ტვირთები) გაიზარდა ფასები, პრობლემები იყო რეგიონში კონტეინერებთან დაკავშირებითაც.

პრობლემას ქმნიდა ბიუროკრატიული, კოვიდთან დაკავშირებული გადაადგილების პრობლემები, როგორც ქვეყანაში შემოსვლის, ისე ქვეყნიდან გასვლის კუთხით.

„მიუხედავად ამისა, 2021 წელი იყო ბევრად უფრო პროგრესირებადი 2020 წელთან შედარებით. ბიზნესმა მთლიანად გაიაზრამ რომ ამ პირობებში უნდა მოხერხებულიყო მუშაობა, ამოქმედება, დივერსიფიკაცია. ბევრმა შეძლო ადაპტაცია.შესაბამისად, გაუმჯობესდა ყველანაირი აქტივობები,“-აცხადებს ნიბლაძე.

მისი განცხადებით, 2021 წელს თიზ-ში რამოდენიმე პროექტი ინიცირდა, მათ შორისაა თურქული პროექტები. საუბარია, მეორადი პლასტმასის გადამუშავების და ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოებაზე.

ასევე თიზ-ში მიმდინარე წელს დასრულდა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს თიზ-ის ინვესტორებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პლატფორმის შექმნას. პროექტში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამის შედეგად, 2022 წლის პირველივე კვარტალში ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიებს ელექტროენეგიას  ყველაზე მინიმალურ ფასში შესთავაზებს.

მეორე დიდი პროექტი, რომლის ინიცირებაც მოვახდინეთ, არის თიზ-ის გაფართოება,რომლის ფარგლებშიც არსებული თიზ-ი  58 ჰექტარი გახდება.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.