ბიზნესი
27/08/2021

პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა 59%-ით აღდგა

ბიზნეს ცენტრების ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა 59%-ით აღდგა.

Colliers Georgia-ს კვლევით, 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისის თანამედროვე ბიზნეს ცენტრები 24-მა მოიჯარემ დატოვა, თუმცა ამის პარალელურად 41 ახალი და განახლებული საიჯარო ხელშეკრულება დარეგისტრირდა.

გამოთავისუფლებული ფართის მოცულობა დაახლეობით 7,000 კვ.მ-ია, ახლადდაკავებულის კი 19,000 კვ.მ.

ათვისებული ფართის პოზიტიური მაჩვენებელია ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში. მთლიანად ფართის მოცულობა დაახლოებით 6,000 კვ.მ-ია, ჩამორჩენა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით 41%-ია, პანდემიურ 2020 წლის მაჩვენებლთან შედარებით, კი მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა.

A კლასის ბიზნეს ცენტრებში ათვისებული ფართის მაჩვენებელი 1,351 კვ.მ-ს გაუტოლდა, B კლასში - 1,121 კვ.მ-ს, C კლასში - 2,044 კვ.მ-ს, არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრებში 1,935 კვ.მ.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში გასაქირავებელი ფართის 25% უჭირავს მოიჯარეებს საბანკო, სადაზღვევო და საინვესტიციო სფეროდან, შემდეგ მოდის პროფესიული სერვისები (20%), ჯანმრთელობა & სილამაზე (11%).

ფართის 10% უჭირავს საჯარო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში შემცირებულია სამშენებლო და დეველოპერული ტიპის კომპანიების წილი 13%-დან (2019 წლის პირველი ნახევარი) 4%-მდე.

H1 2021-ის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტის მნიშვნელოვანი ზრდაა A კლასის ბიზნეს ცენტრებში, რაც გამოწვეულია 2020 წელს მიწოდების მკვეთრი ზრდით. Colliers Georgia აღნიშნავს, რომ 2020 წელს ორი დიდი ბიზნეს ცენტრი (აქსის თაუერსი და CH 64) გაიხსნა. ამ ბიზნეს ცენტრებში გასაქირავებელი ფართი ჯერ სრულად არ არის ათვისებული და ისინი ინარჩუნებენ საკმაოდ მაღალ საიჯარო მაჩვენებლს. 

არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი 19 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი.