ბიზნესი
23/05/2022

პრემიერმა ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიას საქართველოში მომსახურების ცენტრის გახსნა შესთავაზა

საქართველოს პრემიერი ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანია Ripple-ს საქართველოში მომსახურების ცენტრის გახსნას სთავაზობს, - კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. ამავდროულად საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია და სწრაფად ვითარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ვირტუალური აქტივების რეგულირების საკანონმდებლო ბაზის წინასწარი პროექტი შეიმუშავა, ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რის შემდეგაც პარლამენტს წარედგინება, კანონპროექტის შემუშავების პროცესი კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სერვისებში, კერძოდ მიწის რეესტრის პროცესში, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 30%-ით შემცირება.

საუბარი ასევე შეეხო FTX Crypto Derivatives და ციფრული ბაზრების ასოციაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოში FTX-ის რეგიონული ოფისის შექმნა, რაზეც კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეგიონული ოფისის გახსნა სათანადო გარემოს შექმნის მომავლის ფინანსური ციფრული აქტივების ბაზრისთვის.

კომპანია Ripple უმსხვილესი ამერიკული ბლოკჩეინ კომპანიაა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ოპერირებს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და იტალიაში.