ბიზნესი
24/05/2022
პრემიერი: საქართველო "ლიმაკ ჰოლდინგს" შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს საქმიანობის გასაფართოებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს ებრუ ოზდემირს შეხვდა.
პრემიერმა "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.
მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.
კომპანია Limak Group საქმიანობას სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ავიაციის, კვების სფეროს და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს და თურქეთის ეკონომიკის ზრდასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეაქვს.
თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და “ლიმაკ ჰოლდინგს” შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი