ბიზნესი
08/03/2022

პრემიერი ბიზნესს სახელმწიფოს დაანონსებულ პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია; ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი და დადებითი დინამიკაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ეს ტემპი არ შენელდეს, კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ პროცესში ბიზნესს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.