ბიზნესი
15/03/2023

"პოტერია" ექსპორტზე გასვლას გეგმავს

სოციალური საწარმო „პოტერია“, სადაც თვეში დაახლოებით 1000-ამდე კერამიკულ ნივთს ხელით ქმნიან და შემდეგ, მის სრულ რეალიზაციას ახდენენ, წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორტან“ სოციალური საწარმო „პოტერიას“ მენეჯერი მედო კევლიშვილი აცხადებს, ბოლო პერიოდში, თანამედროვე სამყარო ინდუსტრიალიზაციიდან ხელნაკეთ ნივთებზე აქტიურად გადავიდა და მსოფლიო ბაზრებზეც ამ ტიპის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ქართული ნაწარმი ექსპორტზეც გავიდეს.

„ჯერჯერობით, ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაზე ვართ ორიენტირებული. თუ გაყიდვების კუთხით ადრე მხოლოდ უცხოელები აქტიურობდნენ, დღეს ეს რეალობა შეცვლილია და ჩვენი მყიდველის სოლიდურ წილს უკვე ადგილობრივებიც იკავებენ. საქართველოში კერამიკის ნივთები ძალიან მოთხოვნადი გახდა და მას სასაჩუქრედ ძალიან აქტიურად იყენებენ“, - ამბობს მედო კევლიშვილი.

„პოტერიას“ მენეჯერი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ გასულ წლებში, ქართული ბაზარი მხოლოდ იმპორტირებული ნაწარმით იყო გაჯერებული, ახლა ადგილობრივი საწარმოების და მათი დამზადებული პროდუქციის რაოდენობა უკვე დიდია.

„სხვათა შორის, ჩვენი საწარმოს მაგალითზე შემიძლია იმ უპირატესობებზე მოგიყვეთ, რაც ქართულ ნაწარმს იმპორტირებულთან მიმართებით აქვს. ჩვენთან თითოეული ნივთი მზადდება ინდივიდუალური მიდგომით. არც ერთი ორნამენტი, არც ერთი ნახატი ერთმანეთს არ ჰგავს. ყველა ნივთი უნიკალური და ინდივიდუალურია“,- განმარტა მედო კველიშვილმა.

რაც შეეხება ექსპორტს, „პოტერიას“ მენეჯერი ამბობს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, ვინაიდან, კერამიკის ნივთები მარტივად მსხვრევადია და ტრანსპორტირებას ვერ უძლებს. თუმცა, სოციალურ საწარმოს ჰქონია ცალკეული შემთხვევები, როდესაც ლონდონსა და პარიზში მდებარე ქართულ რესტორნებისთვის, მათთვის სასურველი კერამიკის ნივთები გაუგზავნია - ამიტომ, „პოტერიას“ სამომავლო გეგმებში ექსპორტი აქტიურად განიხილება.

ცნობისთვის, „პოტერია“ ერთ-ერთია იმ 150-მდე სოციალურ საწარმოს შორის, რომელიც, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე, "პოტერიამ" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ევროკავშირისგან 23 ათას ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. აქ თიხის და ქართული ორნამენტების კომბინაციით, ხელნაკეთ ნივთებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები, მარტოხელა დედები, სოციალურად დაცველები, ძალადობის მსხვერპლი და სხვა საჭიროებების მქონე ქალები, ერთად ქმნიან.

 

Businesspartner